პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ჭიათურაში მიმდინარე მაღაროელების პროტესტს ეხმაურება და მიმართავს „ქართულ ოცნებას” „სასწრაფოდ შეწყვიტოს მაღაროელების ხარჯზე პოლიტიკური მანიპულაციები, გამჭვირვალედ დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნები და დაასრულოს არსებული კრიზისი“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროა საწარმოს „რე-ნაციონალიზაცია“, „რაც გულისხმობს საწარმოს დროებით სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებას, მის ფინანსურ გაჯანსაღებას და შემდგომ აქციების ნაწილის გადაცემას როგორც მუნიციპალიტეტისთვის, ისე დასაქმებულთა ჯგუფისათვის”.
„უკვე წლებია, ხელისუფლება ატყუებს მოსახლეობას – გასცემს დაპირებებს, რომლებიც რეალურად არ სრულდება. მაღაროელების შრომითი პირობები, ანაზღაურება და ჯანმრთელობის უსაფრთხოება მუდმივი სპეკულაციის საგნადაა ქცეული, ხოლო სოფელ შუქრუთის დაზარალებული ოჯახები დღემდე მოუგვარებელი პრობლემების წინაშე დგანან.
წარსულში ჭიათურის საბადოს გაუმჭვირვალე პრივატიზაციამ, შემდგომ კი სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის სავარაუდო კორუფციულმა გარიგებებმა არათუ უზრუნველყო რეალური მიზნის მიღწევა, არამედ, შექმნა ადგილობრივი ფეოდალების კასტა. შედეგად, საწარმოს ფუნქციონირებიდან მიღებული სარგებელი მხოლოდ მცირე ჯგუფის კეთილდღეობას მოხმარდა. დღეს, ეს ქაოტური მმართველობა სრულ ჩიხშია მოქცეული – ჭიათურის მაღაროები გაჩერებულია, ხოლო დასაქმებულები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ეს კრიზისი, ეხება არა მხოლოდ ჭიათურელ მაღაროელებს, არამედ ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის ათასობით დასაქმებულსაც. თუ მდგომარეობა დროულად არ მოგვარდა, ზესტაფონის საწარმოს მუშაობა შეიძლება საბოლოოდ შეჩერდეს, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს სოციალური პრობლემებს მთელს რეგიონში.
ჩვენი პოლიტიკური გუნდი სრულად სოლიდარულია ჭიათურელების სამართლიანი პროტესტის მიმართ. 2024 წლის დასაწყისში, ჩვენმა პარტიამ უკვე მიმართა საქართველოს პროკურატურას, გამოეძიებინა, რატომ ვერ შესრულდა ის მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დაიწყო საწარმოს მართვა. ჩვენ ასევე უკვე წლებია ვსაუბრობთ საწარმოს „რე-ნაციონალიზაციის“ აუცილებლობაზე, რაც გულისხმობს საწარმოს დროებით სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებას, მის ფინანსურ გაჯანსაღებას და შემდგომ აქციების ნაწილის გადაცემას როგორც მუნიციპალიტეტისთვის, ისე დასაქმებულთა ჯგუფისათვის. აღნიშნული ინიციატივა ასახულია პარტიის საარჩევნო პროგრამაშიც. დღეს კი, უკვე ვხედავთ, რომ სწორედ ამ გზითაა შესაძლებელი ჭიათურისა და მსგავს საწარმოებში დასაქმებული ადამიანების ინტერესების რეალურად დაცვა.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიმართავს „ქართული ოცნების” ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეწყვიტოს მაღაროელების ხარჯზე პოლიტიკური მანიპულაციები, გამჭვირვალედ დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნები და დაასრულოს არსებული კრიზისი, რომელიც საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ჭიათურის მოსახლეობის, არამედ მთელი რეგიონის სოციალურ სტაბილურობას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. მათი მოთხოვნებია:
- მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია;
- შეიქმნას ჭიათურის ფონდი;
- მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია;
- ეკოლოგიური საკითხების მოგვარება;
- უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარება.
7 მარტს ცნობილი გახდა, რომ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ”, „ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება და ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს.
მათი თქმით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების ფინანსურად წამგებიანობას ოფიციალურად ადასტურებს.
განცხადების მიხედვით, შესწავლამ გამოავლინა შემდეგი ფაქტორები:
- მადნის დაბალი ხარისხი და აქედან გამომდინარე, გადამუშავების შედეგების დაბალი ეფექტიანობა;
- მანგანუმის კონცენტრატის ფასების სტაგნაცია და ბაზრის არასტაბილურობა;
- შრომით ბაზარზე და ხარჯვით მასალებზე ფასების ზრდის პირობებში ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები (OPEX), განსაკუთრებით გადამუშავებისა და მიწისქვეშა ; მოპოვების კუთხით;
- ინვესტიციების განხორციელება არაეფექტიანია;