„გახარია საქართველოსთვის“ უარყოფს, რომ „ოცნების“ პარლამენტის ბოიკოტი შეწყვიტა.
სამთავრობო პროპაგანდისტულმა „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გახარიას პარტია ბოიკოტს წყვეტს და 12-მა ადგილმონაცვლემ, რომელთა მანდატებიც წინა კვირას ცნეს, შალვა პაპუაშვილს მიმართეს, იმოქმედოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ „პუბლიკა“ გახარიას პარტიას დაუკავშირდა. პარტიიდან გვაცნობეს, რომ ბოიკოტში რჩებიან და პაპუაშვილის სახელზე გაგზავნილი მიმართვები „არის პროცედურული საკითხი, რომელიც 6 თვის წინაც გაიარეს (მაგ. დეკლარაციის შევსებისას)“.
„ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში! მანდატებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ბევრჯერ გავლილი თემაა, ვითარება არ შეცვლილა! ეს არის პროცედურული საკითხი, რომელიც 6 თვის წინაც გავიარეთ (მაგ. დეკლარაციის შევსებისას). ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში!“, – აცხადებენ პარტიაში.
1 სექტემბერს გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკურ ბოიკოტთან დაკავშირებით პოზიციას არ ცვლიან, ასევე, მისი თქმით, „საპარლამენტო მანდატების არგამოყენება, ეს იყო შეცდომა“. გახარია ამბობს, რომ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ბოიკოტის საკითხზე, სავარაუდოდ, პოლიტსაბჭო იმსჯელებს.