„გახარია საქართველოსთვის“: ვგმობთ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას

პუბლიკა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს.

განცხადებით პარტია საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს:

„პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ, მით უფრო მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმი ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსს ცვლის  რუსეთის სასარგებლოდ და ახდენს საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციას კონსტიტუციის დარღვევით და ხალხის წინააღმდეგობის ფონზე.

ასევე, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის – ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს უკანონო საოკუპაციო  ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, — წერია განცხადებაში

დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი არჩევნები იმართება. ასლან ბჟანიამ პოსტი 19 ნოემბერს დატოვა და ის ე.წ. არჩევნებში არ მონაწილეობს.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სეპარატისტული რეჟიმის ხუთი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას: ბადრა გუნბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა, ადგურ არძინბა და ადგურ ხურხუმალი.

ასლან ბჟანია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის საკითხზე საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა.