გახარია შვებულებიდან გამოიყვანეს, რათა შეასრულოს მისია და შექმნას „ქართული ოცნება 2“ - მარგველაშვილი

პუბლიკა

„გახარია ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს იმისთვის, რათა შეასრულოს მისია და შექმნას „ქართული ოცნება 2“, – ასე ეხმაურება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას, რომ „არსად წასვლას არ აპირებს და მეტიც, არც პოლიტიკიდან წავა”.

„პარასკევს საღამოს მე ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩნდებოდა. არც აციეს, არც აცხელეს და გახარია ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს იმისათვის, რათა შეასრულოს მისია და შექმნას „ქართული ოცნება 2“. მადლობა „ქართულ ოცნებას“ ასე ყურადღებით რომ მისმენს და ასრულებს იმ დავალებებს, რომლებსაც აქედან გავცემთ.

ამ კომენტარის შემდეგ მეკითხებით, „ქართული ოცნება 2-ის” თანადამფუძნებელი ვიქნები თუ არა? რა თქმა უნდა, არა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.