თუ გამოვიდა გახარია და თქვა, რომ ქვეყანას მართავს ოლიგარქი და დიახაც, ეს ასეა, თუ ნამდვილად ამხელს ივანიშვილს, ეს აბსოლუტურად სხვა სცენარია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „TV პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა მას ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა.
„გახარია თუ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას, უნდა თქვას, უნდა მოვისმინო, ქვეყანას ოლიგარქი მართავს თუ არა, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველია, ვის ექვემდებარება? სუს-ის ხელმძღვანელი ვის ექვემდებარება, ვინ არის ფარცხალაძე და ზოგადად, რა წეს-წყობილება გვაქვს, ოლიგარქიული თუ დემოკრატიული. ან გვაქვს ამ ქვეყანაში ევროატლანტიკური მისწრაფებები, ან ავტოკრატია… თუ გამოვიდა გახარია და თქვა, რომ ქვეყანას მართავს ოლიგარქი და დიახაც, ეს ასეა, გეთანხმებით, ფარცხალაძე – ფარცხალაძეა, მუხთარლი რომ გაიტაცეს, აი ეს მოხდა, ის რომ მოკლედ, ესა და ეს მოხდა, თუ ნამდვილად ამხელს ივანიშვილს, ეს აბსოლუტურად სხვა სცენარია. რაშიც ეჭვი მეპარება, მაგრამ დაველოდოთ…
მთავარია პოლიტიკაში კი არ დასაქმდეს, რეალურად იყოს ადამიანი პოლიტიკოსი. ხო ასევე, ვინ დათხარა 20 ივნისს თვალები? ვინ გასცა ბრძანება? [შეკითხვაზე, როგორ ფიქრობ, ვისი ბრძანება იყო, პასუხობს:] სიმართლე ვთქვათ, გახარიაზე ძალიან მძიმე ცოდვებს ამბობენ, ამ ყველაფერზე პასუხს რომ მოვისმენ, შემდეგ გავაკეთებ ჩემ კომენტარს“, – აცხადებს ნიკა მელია.