გახარია - ვაღიარებთ, ბზობას შსს-ს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა

პუბლიკა

ვაღიარებთ, რომ ბზობის დღეს სახელმწიფოს ინსტიტუტებს და პირველ რიგში შსს-ს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის ჯარიმების გამჯაცრება არ იგეგმება, არამედ იგეგმება აღსრულების გამკაცრება.

„ჯარიმების გამკაცრება არ იგეგმება, იგეგმება აღსრულების გამკაცრება. აღსრულების გამკაცრების ნაწილში, ჩვენ ვაღიარებთ, აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ბზობის დღეს სახელმწიფოს ინსტიტუტებს და პირველ რიგში შსს-ს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა. ამას ვაღიარებთ. ჯარიმების კიდევ უფრო გამკაცრება არა, აღსრულების ნაწილში გამკაცრება და ეფექტურობა იგეგმება“ , – განაცხადა გახარიამ.


საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ფიზიკური პირებისათვის – 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის – 15 000 ლარის ოდენობით.
განმეორების შემთხვევაში კი თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო იურიდიული პირისთვის ჯარიმა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან ლიკვიდაცია და ჯარიმა.