გახარია: ზურაბიშვილის მანდატი თუ გაგრძელდება ახალი ვადითაც, ჩვენ აუცილებლად მხარს დავუჭერდით

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილის მანდატი მეორე ვადითაც გაგრძელდებოდა, მას მისი მხარდაჭერა ექნება.

გახარია ამბობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტია და სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს დაანახა, რომ ის ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს ევროპულ ფასეულობებს.

„ვთვლი, რომ პრეზიდენტი დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, საქართველოს პრეზიდენტი დღეს იცავს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და მე დარწმუნებული ვარ და ვთვლი, რომ მისი მანდატი თუ გაგრძელდება ახალი ვადითაც, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და მე ვთვლი, რომ ეს ის თემაა, სადაც სხვა პარტიებმა შეიძლება…“, – განაცხადა გახარიამ.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის მხარს ზურაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად, გახარია პასუხობს, რომ აუცილებლად.

„მე და ჩვენ [მისი გუნდი] აუცილებლად მხარს დავუჭერდით იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში და მისმა ამ ვადამ მკაფიოდ დაანახა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს, რომ ეს არის პრეზიდენტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად, ევროპული ფასეულობების და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დამცველია”, – თქვა გიორგი გახარიამ.

შეკითხვაზე, იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი მისი კანდიდატი, გახარიამ უპასუხა, რომ ამ ყველაფერზე არჩევნების შემდეგ უნდა ისაუბრონ.

„ამ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ არჩევნების შემდეგ. ჩვენი მხარდაჭერა ექნება ერთმნიშვნელოვნად”, – თქვა მან.