გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს ახალი ვადამდელი არჩევნები და მმართველ პარტიას მოუწოდა, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას, სადაც განიხილავენ ახალი არჩევნების გამართვის საკითხს.
„პირველივე დღიდან საერთო ოპოზიციური მოძრაობა არაერთ ფორმატში აცხადებდა, რომ ჩვენთვის ქვეყანაში კანონის უზენაესობა იყო უმთავრესია. ჩვენთვის მთავარია, მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების უფლება. ვსაუბრობდით, რომ პოლიტიკური რეპრესიები უნდა დასრულებულიყო. ეს იყო ჩვენი მთავარი წუხილი. ოპოზიციურმა პარტიებმა დავსახეთ ამოცანები ამ კრიზისიდან გამოსასვლელად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, ოპოზიცია იტოვებს იმედს, რომ დაუბრუნდებიან მოლაპარაკებების მაგიდას ფასილიტატორების მონაწილეობით.
„განვიხილოთ ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხი. ჩვენი ამოცანა არ არის და არასოდეს არ იყო ძალადობა“, – თქვა ნიკა მელიამ.
მელიას შეფასებით გახარიამ თავისი გადადგომით აღიარა, რომ დღეს იგეგმებოდა ძალადობა ადამიანებზე და მან ეს არ გააკეთა, რაც დასაფასებელია.
„გახარიამ არ გადადგა მეორე ნაბიჯი სისხლისღვრისკენ. გახარიას საკმაოდ დიდი პოლიტიკური და ადამიანური ცოდვა აქვს 20 ივნისთან დაკავშირებით. ის, რომ ბატონი გახარია გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, ამით აღიარა, რომ დღეს იგეგმებოდა ძალადობა ადამიანებზე და ეს არ გააკეთა რაც დასაფასებელია“, – განაცხადა მელიამ.