მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობას მომზადებული აქვს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით ბაზარს უფრო „კომერციულად მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის”.
„მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ასევე, მოგეხსენებათ, რომ გარკვეული შეფერხებები არსებობდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მიზეზით.
დღეს ჩვენ გამოგვაქვს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კიდევ უფრო ღიას, კონკურენტულს გახდის ამ ბაზარს, რომელიც Feed-in-premium-ის პრინციპზე იქნება დაფუძნებული და უფრო კომერციულად მიმზიდველი იქნება ინვესტორებისთვის, იმისთვის, რომ მათი ინვესტიციები იყოს ეფექტური, სწრაფი, რაც ქვეყნისთვის უზრუნველყოფს ენერგოდამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
„პუბლიკა” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის გარკვევას ცდილობს.
მთავრობის დღის წესრიგში განსახილველ საკითხებს შორის არის მთავრობის დადგენილების პროექტი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის (ჰიდროელექტროსადგურები) დამტკიცების შესახებ“.