გახარიას გუნდის ინიციატივაა, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდეს

პუბლიკა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ რუსული კანონის ალტერნატიულ კანონპროექტს დღეს, 8 აპრილს, ბიუროს სხდომაზე წარადგენს. როგორც პარტიის დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მისი გუნდის ინიციატივაა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდეს.

ლილუაშვილის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივები უზრუნველყოფს საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას და სრულიად უკარგავს აქტუალობას „ოცნების“ მიერ ინიციირებულ რუსულ კანონს.

„არანაირი გამჭვირვალობა დღეს რეალურ მიზეზს რუსული კანონის ინიციირებისთვის არ წარმოადგენს, ყველანაირი ინფორმაცია აქვს ხელისუფლებას და აქვეყნებენ თავად ორგანიზაციები. ამასთან ჩვენი ცვლილებები, უზრუნველყოფს საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას. ვიმეორებ, საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას და სრულიად უკარგავს აქტუალობას „ოცნების“ მიერ ინიციირებულ რუსულ კანონს.

ჩვენ მოვუწოდებთ „ოცნების“ ყველა იმ წევრს, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ერთმანეთისგან საქართველოს ისტორიული მტრებისა და მეგობრების გარჩევა, მხარი დაუჭირონ ჩვენს ინიციატივებს, ორივე კანონპროექტს, რომლებიც ამ ქვეყანას ოკუპანტის გავლენებისგანაც დაიცავს და საჭიროზე მეტ გამჭვირვალობის სტანდარტს ამკვიდრებს ყველასთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი და „ოცნება“ უპირობოდ დაადასტურებენ იმას, რომ მათი მიზანი მეგობრების მტრებად გამოცხადება და ქართულ საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა, მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირებაა. როგორც ჩანს, ივანიშვილს მხოლოდ ასე წარმოუდგენია მომავალ არჩევნებში გადარჩენა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

რას ითვალისწინებს კანონპროექტი

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი, განსაზღვრავს საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს. პარტია „საქართველოსთვის” მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი კი ითვალისწინებს ცვლილებებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ”.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, კანონს ემატება შემდეგი:

  • ნებისმიერი, როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები, ვალდებულია შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში;
  • წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გრანტის მიმღების მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული თითოეული გრანტის შესახებ, მათ შორის, გრანტის გაცემის მიზანი, მოცულობა და სხვა ძირითადი მოთხოვნების შესახებ, რომელიც ასახულია საგრანტო ხელშეკრულებაში;
  • ანგარიშგებების წარდგენისა და ადმინისტრირების ცვლილებებით განსაზღვრულ ორგანოს, წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახური, რომელიც დღეის მდგომარეობით, ისედაც იღებს არაკომერციული იურიდიული პირების ფინანსურ ანგარიშგებებს.
  • წარდგენილი ანგარიშგებები — გამოქვეყნდება საჯაროდ.

პარტიის თანახმად, ცვლილებები არ ითვალისწინებს რეგისტრაციას არანაირ რეესტრში და არც რაიმე იარლიყის მიწებებას ორგანიზაციისთვის.
გახარიას გუნდის ინიციატივაა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდეს


„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.