გახარიას გუნდმა მუქარის ფაქტებზე რეაგირებისთვის ირაკლი შოთაძეს მიმართა

პუბლიკა

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებმა, ოფიციალური წერილით მიმართეს საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყონ გამოძიება მუქარის მუხლით რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმისა და მუქარის ფაქტებზე.

„როგორც იცით, მასობრივად ხდება საქართველოს მოქალაქეების დაშინება, მუქარა, გინება სატელეფონო ზარებით და ადამიანების ქუჩაში ცემა. ჩვენი გუნდის საკრებულოს წევრების უმრავლესობას უკვე დაურეკეს და მიიღეს ეს მუქარის ზარები. ეს პროცესი გრძელდება.

კონკრეტული მტკიცებულებებით, ე.წ. სქრინებით შევიტანეთ განცხადება „ოცნებასთან“ აფილირებული ე.წ ჩატის, სოც.მედიის საშუალებით როგორ ხდება კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირება იმ მიზნით, რომ ამ ადამიანებს შემდგომ გაუსწორდნენ, დაემუქრონ, შეურაცხყოფა მიაყენონ, ქუჩაში დახვდნენ.

შესაბამისად, ყველას უნდა ესმოდეს, რომ დაუსჯელი არ დარჩება არავინ, დანაშაულს აქვს ხანდაზმულობა და თითოეული ადამიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება.

შესაბამისად, რომ გითხრათ მოლოდინი მაქვს, ირაკლი შოთაძე გამოძიებას დაიწყებს, ბუნებრივია – არა, მაგრამ ყველა მტკიცებულება ჩვენი გუნდის მიერ იქნება წარდგენილი. ვიმეორებ, დაუსჯელი ამ ქვეყანაში არ დარჩება არავინ, ადრე თუ გვიან თითოეულ ამ დანაშაულს, მათ შორის, მუქარას აქვს თავისი ხანდაზმულობის ვადა“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.