გახარიას პარტია აინიციირებს კანონპროექტს „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის გავლენისგან დაცვის შესახებ“

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ აინიციირებს კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები.

ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა.

ბექა ლილუაშვილის თქმით, ცხადია, რომ ოკუპანტი არის რუსეთი, რომელიც იყენებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო პროპაგანდას და ღია თუ ფარული საშუალებებით აზიანებს ქვეყნის ევროპული განვითარების გზას.

მისი თქმით, ხელისუფლება „აგენტების“ კანონის სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ ქვეყანას, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობრებს. ამ ინიციატივით ხელისუფლება ცდილობს დასვას ტოლობის ნიშანი მეგობრებსა და მტერს შორის. ამიტომ, პარტია „საქართველოსთვის“ აინიციირებს კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“.

„ხელისუფლება მოქმედებს ამის საპირისპიროდ, „აგენტების“ კანონის სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ ქვეყანას, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობრებს. ამ ინიციატივით ხელისუფლება ცდილობს, დასვას ტოლობის ნიშანი მეგობრებსა და მტერს შორის.

ეს არის ეროვნული, კონსტიტუციური მიზნის შეცვლა, საგარეო ორიენტაციის არევა, რისი უფლებაც არცერთ ხელისუფლებას არ აქვს და არ ექნება. ამიტომ,  ჩვენი კანონპროექტი ყველაფერს თავის სახელს არქმევს, მისი მიზანი კი არის ერთადერთი სწორი მიზანი, რომელიც შესაძლოა მსგავს კანონმდებლობას ამ ქვეყანაში გააჩნდეს – მტერს დაარქვას მტერი. ეყოთ გამბედაობა, მტერი დაუძახონ რუსეთს და არა ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს/მეგობრებს და ჩვენს ინიციატივას მხარი დაუჭირონ.

ჩვენ, ცხადია, დღესვე დავიწყებთ კონსულტაციას ჩვენს კოლეგებთან ოპოზიციური პარტიებიდან, რომ ამ ინიციატივას მათაც მხარი დაუჭირონ” – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.