პარტია „გახარია საქართველოსთვის“ BBC-ის გამოძიების საფუძველზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.
მათი განცხადებით, ამ მოთხოვნით ისინი ბიუროს უახლოეს სხდომაზე მიმართავენ.
„საერთაშორისო მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ „ოცნების“ რეჟიმის მიერ კანონით აკრძალული ქიმიური ნივთიერების მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენების შესახებ საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება და პროტესტი, „ოცნებაში“ კი სრული პანიკა და ისტერიკა გამოიწვია, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს მათი ბრალეულობის შესახებ!
იმდენად მძიმე შესაძლო დანაშაულთან გვაქვს საქმე, რომ დღის წესრიგში დგება ამ საქმის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების დაწყების მოთხოვნა.
ხალხმა უნდა იცოდეს, კონკრეტულად ვინ გასცა უკანონო ქიმიური ნივთიერების წყალში შერევის ბრძანება?
ეს იყო სისტემური დანაშაული თუ კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი უკანონობა, რამაც რისკის ქვეშ დააყენა მრავალრიცხოვანი დემონსტრანტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა?
დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობა განპირობებულია არა მხოლოდ დამნაშავეთა გამოვლენის და ანალოგიური მძიმე დანაშაულის პრევენციის მიზნით, არამედ დაზარალებული მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკების დროულად იდენტიფიცირებისა და მათი სასიცოცხლო ინტერესებისთვის.
არ გვაქვს არანაირი გარანტია, რომ ამჯერად მაინც ყველაფერი ბოლომდე და ობიექტურად იქნება გამოძიებული!
მით უფრო, როცა სახეზე გვაქვს „ოცნების“ ქაოსური, ისტერიკული და პანიკური განცხადებები, ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები და იძულებითი აღიარება იმ ფაქტისა, რომ წყლის ჭავლი ნამდვილად შეიცავდა გარკვეულ მომწამლავ ნივთიერებას.
ფრაქცია „საქართველოსთვის“ საქართველოს პარლამენტში ვაინიციირებთ დადგენილების პროექტს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა მხრიდან გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“, – აცხადებს პარტია.
BBC-ის გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი გამოიყენეს. ის, რომ წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაწყებისთანავე განაცხადეს როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ექიმებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა. 2024 წლის 30 ნოემბერს ალექსანდრე დარახველიძემაც არ უარყო, რომ წყლის ჭავლში, რომლითაც პოლიცია ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციაზე დემონსტრანტებს შლიდა, გარეული იყო „სხვა ნივთიერებაც“.
„საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, წყლის ჭავლში გარეული იყოს შესაბამისი ნივთიერებები, გაზი იქნება თუ სხვა რამ“, – თქვა მაშინ დარახველიძემ. თუმცა, მისივე მტკიცებით, ყველაფერი კანონიერად მოხდა.
ის, რომ წყლის ჭავლში გაზს ურევდნენ, 2024 წლის 24 ოქტომბერს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც დაადასტურა.
BBC-ის გამოძიების თანახმად, მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, მისი ნამდვილობა დაადასტურეს. დოკუმენტში მათ ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს:
- ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა, BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
- ქიმიური სითხე, კოდით – UN1710. რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება.
დოკუმენტში ამ ნივთიერებების შეზავების წესებიცაა შეტანილი. BBC გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ესაუბრა ლაშა შერგელაშვილი, რომელიც გდდ-ში შეიარაღების უფროსი იყო, ამბობს, რომ 2009 წელს მას ახალი ნივთიერების ტესტირება სთხოვეს სწორედ იმ კოდებით, რომლებსაც მიაკვლია ბრიტანულმა გამოცემამ.
გამოცდისას შერგელაშვილმა აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულებრივზე 10-ჯერ ძლიერი იყო. შერგელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა კოლეგამ მას დაუდასტურა საპროტესტო აქციებზე ამ ნივთიერების გამოყენება.
BBC-ის განცხადებით, გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მათ დაუდასტურეს, რომ შერგელაშვილის მიერ დასახელებული ნივთიერება მათ პროტოკოლში ნამდვილად წერია.