გახარიას პარტია მოუწოდებს „ოცნებას“, გადაიყვანოს სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ მმართველ გუნდს მოუწოდებს, ნუ იყენებს სასამართლოს წინასაარჩევნოდ პარტიული მიზნების მისაღწევად, ნუ ეხმარება „ნაციონალურ მოძრაობას“ გაერთიანებაში და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

გახარიას პარტიის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით ეძლევა პოლიტიკური განცხადებების გაკეთების საშუალება, რაც „ოცნების“ მიერ ორგანიზებული ენმ-ის ხელახალი გაერთიანების სპეცოპერაციაა.

„გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების სპეცოპერაცია, რომლის ორგანიზატორიცაა დღევანდელი „ოცნება“ და რომელიც ტარდება კორუფიისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლო სისტემის გამოყენებით.

სამსახურებრივი უფლებასილების გადამეტებისთვის ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მართლმსაჯულებას პასუხები უნდა გასცეს, მათ შორის იმაზე, თუ რატომ შეუვარდა სპეცრაზმით და დახურა იმ დროს ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანია „იმედი“, გუშინ სასამართლო სხდომაზე, პალატიდან, პირდაპირ ეთერში ატარებდა პარტიულ თათბირს, გასცემდა დავალებებს, ალაგებდა ნაციონალური მოძრაობის ხელახალი გაერთიანების გეგმას, უკრაინულ ენაზე აკეთებდა განცხადებებს, ანუ ლაპარაკობდა გარემოებებზე, რომელიც არანაირ კავშირში არ არის განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან, რისი უფლებაც მას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არ აქვს და ასეთ დროს მოსამართლე მას უნდა აჩერებდეს. სანაცვლოდ, სააკაშვილის ეს წინასაარჩევნო აგიტაციია პირდაპირ ეთერებში გადაიცემა, მათ შორის, სააკაშვილისვე დარბეული ტელეკომპანია „იმედის“ საშუალებით.

უცხო ქვეყნის მოქალაქე, საპატიმრო პალატაში მყოფი ბრალდებული სრულფასოვნად მონაწილეობს ეროვნულ პოლიტიკურ პროცესებში, რასაც კანონი უკრძალავს, მაგრამ არ უკრძალავს და მეტიც, ამის უფლებას აძლევს „ოცნება“. ეს პირველი შემთხვევა არ არის, ეს კამპანიური ხასიათის მოვლენაა, რომლის მიზანია, 2024 წლის არჩევნებისთვის ერთი მხრივ, დაშლილი „ნაცმოძრაობის“ გადარჩენა და მეორე მხრივ, სააკაშვილით და მისი „ნაცმოძრაობით“ საქართველოს მოქალაქეების მორიგი დაშინება. მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ეს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად; ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში; აცადოს სასამართლოს მართლმსაჯულების აღსრულება; შეწყვიტოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სისტემატური დარღვევა და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (ახალი წლების შემდეგ მაინც).

ასევე, ხელისუფლებამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის აღსრულება და ნუ აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის და მონაწილეობის უფლებას“, – განაცხადა დაუშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გუშინ, 20 დეკემბერს გაიმართა. სხდომის დასაწყისში სააკაშვილმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა.