პარტია „საქართველოსთვის” პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება „ჯორჯიან მანგანეზთან” დაკავშირებით“.
პარტიის წევრის, პარლამენტის დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის თქმით, „ჯორჯიან მანგანეზი“ 7 წელია, „ოპერირებს სპეციალური მართვის რეჟიმში და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი მის არაეფექტიან მართვაზე, რაც ლახავს სახელმწიფოსა და მოქალაქეების კანონიერ ინტერესს”.
ამასთან, დაუშვილის განცხადებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კორუფციულ გარიგებებსა და დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვას.
„კომპანიის თავდაპირველი მმართველი 2009-2016 წლების განმავლობაში უხეშად არღვევდა კანონმდებლობას და გარემოს დაცვის მოთხოვნებს, რითაც უდიდეს ზიანს აყენებდა ზესტაფონისა და ჭიათურის მოსახლეობას, უკიდურესად აბინძურებდა გარემოს. გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 416 მილიონ ლარზე მეტი”, – თქვა მიხეილ დაუშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ კომპანიის მმართველები აბინძურებდნენ გარემოს და არღვევდნენ კანონმდებლობას, რის გამოც 2017 წელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სპეციალური მმართველი დაინიშნა. მისი ვალდებულება კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება და ადგილობრივების ინტერესების დაცვა იყო.
დაუშვილის თქმით, სპეციალურმა მმართველმა ეს ვერ შეძლო, თუმცა, უკვე 7 წელია, კომპანიას მართავს.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით 2020 წელს სპეციალური მმართველის უფლებამოსილების ვადა გახანგრძლივდა 3 წლით, შარშან კი დამატებით 2 წლით.
სახელმწიფოს დანიშნული პირი მართავს კომპანიას თითქმის 7 წლის განმავლობაში და რეალურად, სპეციალურმა მმართველმა ამდენი ხნის განმავლობაში ვერ და არ უზრუნველყო კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა. შესაბამისად, ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის მიერ კომპანიის მართვა ხდება არაეფექტიანად, არა საწარმოში დასაქმებულების, ადგილობრივი მოსახლეობის, გარემოს დაცვის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ კერძო პირების მიერ პირადი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, ასევე იკვეთება მნიშვნელოვანი კორუფციული რისკები”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ამ ეტაპზე „ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველი ბესიკ კირთაძეა. ის ამ პოზიციას 2023 წლის მაისიდან იკავებს.
სამეთვალყურეო საბჭოში კი შედიან გიორგი კაპანაძე, ალექსანდრე მელაძე და მარიამ ლაშხი.
2017 წელს სპეციალურ მმართველად, წარდგენილ და დანიშნულ იქნა ნიკოლოზ ჩიქოვანი.