გახარიას პარტია სასამართლო სისტემის შესახებ კანონპროექტს დააინიცირებს

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა პარტია „საქართველოსთვის“ წევრებთან, მიხეილ დაუშვილსა და ბექა ლილუაშვილთან ერათდ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

განცხადების ბეჭდურ ვერსიას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენის პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირებით უნდა დაიწყოს.

მისივე თქმით, ნებისმიერი ცვლილება თუ ინიციატივა, რომელიც არ ემსახურება პირველ რიგში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მანდატის გადახედვას, უფლებამოსილების დეცენტრალიზაციისა და საბჭოში ძალის ალტერნატიული ცენტრის შექმნის მიზანს, კიდევ უფრო გაართულებს სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების აღმოფხვრის პროცესს.

ბუჩუკური ამბობს, რომ ამის გარეშე, ხელისუფლების მიერ წარმართული მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი (მიუხედავად ცალკეული მოსამართლეობის კანდიდატების პროფესიონალიზმისა), ისევე როგორც პროცედურების დახვეწისკენ მიმართული მოჩვენებითი ცვლილებები იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური გარდაქმნის იმიტაციის მცდელობა და ვერ ისარგებლებს საზოგადოების ნდობით.

„აქედან გამომდინარე:

1.  მოსამართლეთა დანიშვნის მიმდინარე პროცესი უნდა შეჩერდეს!

2.  ჩვენ შევასრულებთ პარლამენტის წევრის მანდატიდან გამომდინარე ფუნქციას – ფიზიკურად დავესწრებით სხდომებს და გამოვიყენებთ ტრიბუნას, რათა კიდევ ერთხელ დავანახოთ საზოგადოებას მიმდინარე პროცესების მანკიერი მხარეები, თუმცა, მხარს არ დავუჭერთ ამგვარი პროცესის საფუძველზე შერჩეულ მოსამართლეთა კანდიდატებს;

3. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, პარლამენტმა უახლოეს მომავალში უნდა აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრი, რასაც, კონსტიტუციის მიხედვით, სჭირდება 90 დეპუტატის ხმა. მმართველი პარტიას, როგორც იცით, ჰყავს მხოლოდ 84 დეპუტატი. შესაბამისად, ხელისუფლება აუცილებლად შეეცდება პოლიტიკურ ჯგუფებთან მოლაპარაკებას და, ხმის მიცემის სანაცვლოდ საბჭოს წევრთა რაღაც რაოდენობას შესთავაზებს.

ჩვენ არ ვივაჭრებთ ხელისუფლებასთან ან ოპოზიციასთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრზე. მხარს დავუჭერთ მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომელთა ნდობასთან დაკავშირებით არ იარსებებს კითხვის ნიშნები. ჩვენ ამ პროცესს განვიხილავთ, როგორც სისტემაში ძალის ალტერნატიული ცენტრის შექმნისკენ და შესაბამისად გავლენის ჯგუფების შესუსტებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს;

4. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას სასამართლოებში კლანური მმართველობის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ვინაიდან სასამართლოში გავლენის ჯგუფების არსებობა უკვე შემდგარი ფაქტია და ამ ფონზე ნებისმიერი ასეთი ინიციატივა არა რეალური საქმის კეთებას, არამედ სასამართლოს რეფორმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ისახავს მიზნად, რაც ჩვენთვის მიუღებელია.

5. გარდა ამისა, კრიტიკულად აუცილებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონცენტრირებული ჭარბი ძალაუფლების ბალანსი. სწორედ ამით უნდა მოხდეს არსებითი გადატეხა მოცემულ ვითარებაში“, – აცხადებს ანა ბუჩუკური.

მისი განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის“ უახლოეს დღეებში დააინიცირებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც მიმართულია პირველ რიგში სასამართლოში „გავლენის ჯგუფების“ აღმოფხვრისკენ.

„შეიცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და დაემყარება ე.წ. ორმაგი 2/3-ის პრინციპს. კერძოდ, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იქნება საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ისა და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობა“, – განმარტავს ის.

პარტია მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაზე; მხარი არ დაუჭირონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესს; არ ივაჭრონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის შერჩევაზე; ხელისუფლებას არ მისცენ შესაძლებლობა, რომ ფორმალური პროცედურების დახვეწისკენ მიმართული ცვლილებები კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯად.