გახარიას პარტია: სასამართლომ ცესკოს სერვერებზე ინფორმაციის დაცვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

პუბლიკა

პარტია „გახარიას საქართველოსთვის” აცხადებს, რომ „სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა ცესკოს სერვერებსა და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე”.

პარტია სასამართლოსგან ითხოვდა, უზრუნველეყო ცესკოს სერვერებსა და ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის დაცვა – ინფორმაცია, ვინ მისცა ხმა ელექტრონული აპარატის გამოყენებით 26 ოქტომბრის არჩევნებზე 2 ადგილას ინახება: როგორც უშუალოდ აპარატებში, ისე – ცესკოს სერვერზე.

პარტია ასევე აცხადებს, რომ „პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას”.

„ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები განადგურდეს, რაც აზრს უკარგავს ნებისმიერ ობიექტურ გამოძიებას, ნამდვილი სიების გამოქვეყნებას, რაც თავის მხრივ სისხლის სამართლის დანაშაულია.

როგორც თავიდანვე ვამბობდით, ვერიფიკაციის აპარატები და მათში არსებული ინფორმაცია შესაძლოა იყოს გაყალბების მთავარი მტკიცებულება. ამიტომ ცდილობს პროკურატურა კონტროლის აღებას ყალბი გამოძიების ფარგლებში და ფაქტობრივად მძევლად აჰყავს როგორც მტკიცებულებები, ისე სიმართლის დადგენის მთლიანი პროცესი.

შეგახსენებთ, ცესკოს პერსონალურ მონაცემთა კანონი, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ავალდებულებდა ამ მონაცემების გასაჯაროებას. ამის ნაცვლად, ცესკო თითქმის 10 დღეა ინფორმაციას მალავს, არ ასახელებს შენახვის ვადას და პროკურატურასთან ერთად ხელს უწყობს მტკიცებულებების განადგურება.

ამის დასტურია შემდეგი:

  • 29 ოქტომბერს მოვითხოვეთ სიების გასაჯაროება;
  • 30 ოქტომბერს პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე ყალბი გამოძიება დაიწყო;
  • 1 ნოემბერს მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ მტკიცებულებების დაცვა;
  • 1 ნოემბერს ცესკოს თავმჯდომარემ „იმედის“ ეთერში სწორედ პროკურატურისთვის გადაცემაზე გააკეთა მინიშნება. სწორედ 1 ნოემბერს მიმართა პროკურატურამ ცესკოს.

ცესკო და პროკურატურა, „ოცნებასთან“ ერთად, კოორდინირებულად მოქმედებდნენ”. – აცხადებს პარტია.

გარდა იმისა, რომ დაცული იყოს მონაცემები ცესკოს სერვერებსა და ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებზე, გახარიას პარტია მოითხოვს, გადაეცეს როგორც ელექტრონული საარჩევნო აპარატების კომპანია „სმარტმატკითან” გაფორმებული კონტრაქტი, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაციის შენახვის პირობები.

პარტიის ერთ-ერთი მოთხოვნაა, გაიხსნას ამომრჩეველთა სია/ბაზა, რათა ამომრჩევისთვის ხელმისაწვდომი და შესაძლებელი გახდეს, გადაამოწმოს, სად და როდის მისცა ხმა.