გახარიას პარტიიდან ცაგერის მერობის კანდიდატის მანქანას რამდენჯერმე ესროლეს | დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

ცაგერის მერობის კანდიდატი გიორგი გახარიას პარტიიდან ბესარიონ ბენდელიანი ამბობს, რომ მისი მანქანას ესროლეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

ბესარიონ ბენდელიანის თქმით, შემთხვევა მის საცხოვრებელ სახლთან მოხდა, პირადი მანქანა, რომელიც გუშინ საღამოს სახლთან დატოვა, დილით ასეთ მდგომარეობაში დახვდა, მანქანას დაახლოებით 8-მდე ნატყვიარი ეტყობა.

„წუხელ მოხდა, მაგრამ დეტალები არავინ არის იცის. ბუნებრივია, პოლიტიკურ საქმიანობას ვუკავშირებ”, – ამბობს ის.

მისი თქმით, გასროლის ხმა არავის გაუგია. ადგილზეა პოლიციაა და როგორც მერობის კანდიდატი ამბობს, მიმდინარეობს საგამოძებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

მანქანას რამდენიმე ადგილას აქვს ნატყვიარი, ჩამსხვრეულია მინები. ფოტოებს სოციალურ ქსელში ბესარიონ ბენდელიანის ნათესავები ავრცელებენ.

ამასთან დაკაშირებით ბრიფინგი გამართა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა.  ის პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ ლიდერებს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და გენერალურ პროკურორს აკისრებს.

„დღეს გამთენიისას, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მანქანა დაუცხრილეს ცაგერის მერობის კანდიდატს ბესო ბენდელიანს. პასუხისმგებლობა ამაზე მთლიანად ეკისრება „ოცნების“ ხელმძღვანელობას, კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალადობას ამართლებენ და ახალისებენ სიძულვილის ენას. ამაზე ასევე ბუნებრივია პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს, გომელაურს, გენერალურ პროკურორს, შოთაძეს, რომლებიც არ რეაგირებენ სისტემურ დანაშაულზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ განცხადება ოფიციალურად შევიტანეთ, “- განაცხადა მან.