გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა რუსულ კანონზე II საკომიტეტო მოსმენა დატოვეს. მიხეილ დაუშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, მიზნის მისაღწევად, ენმ-ის გამოყენებით”.
„უნდა გვესმოდეს, რომ „ოცნების“ მიზანი არ არის შინაარსობრივი განხილვა. დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ, თან იმის ფონზე, რომ ათობით ათასმა ჩვენმა მოქალაქემ ღიად არაერთხელ უთხრა „ოცნებას“, რომ ეს კანონი კი არ უნდა გადადოს ან გაახანგრძლივოს, არამედ უნდა გაიწვიოს, თან სამუდამოდ.
ამის მიუხედავად, აგრძელებენ ე.წ. განხილვას, რომელშიც არანაირი შინაარსი არ არსებობს, რომელშიც „ოცნების“ ერთადერთი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება და მათ შორის ამისთვის ამ კანონის გამოყენება. მათი მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ ამ კანონის მიღებაა. მათ შორის, ამოცანა ისაა, რომ ევროპული გზიდან გადაუხვიონ. ამიტომ, ვინაიდან ამ შინაარსობრივ განხილვას დღეს აზრი არ აქვს, გადავწყვიტეთ, დავტოვოთ ეს კონკრეტული საკომიტეტო განხილვა”. – თქვა მიხეილ დაუშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააფრთხილა 10-მდე დეპუტატი, გააძევა გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი და თამარ კორძაია.