გიორგი გახარიამ გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და უპასუხა შეკითხვას, რატომ უნდა დარჩეს „ქართული ოცნება“ მომავალი 4 წელი ქვეყნის მართვაში.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო 12 წლის შემდგომ ქვეყნისთვის 8-წლიანი მშვიდი სტაბილური განვითარების შესაძლებლობა მიეცა და სწორედ ამ სტაბილური, მშვიდი განვითარების შემდგომი გაგრძელება უნდა იყოს 2020 წლის არჩევნების შედეგები.
„ამას მარტივი პასუხი აქვს, „ქართული ოცნების“ ყველაზე მახასიათებელი ნიშანი არის მზრუნველობა. მე ერთ მარტივ მაგალითს გეტყვით. გარკვეული პერიოდი შს მინისტრად მუშაობა მომიწია. სწორედ ამ პოზიციაზე დავინახე, რას ნიშნავს ჩვენი რიგითი მოქალაქისთვის ჰუმანურობის ის ხარისხი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ამ ქვეყანაში. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რამხელა თავისუფლებაა ადამიანისთვის.
მეტსაც გეტყვით, ჰუმანურობის ეს ხარისხი ეფექტიანობას ცოტა აზიანებდა, მაგრამ წინა წლების განმავლობაში იმდენად დათრგუნული იყო საზოგადოება, სოციალური ქსოვილი ამ ქვეყნის, რომ ჰუმანურობის ეს ხარისხი იყო აუცილებელი ჟანგბადი იმისთვის, რომ ადამიანს ამ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქედ ეგრძნო თავი – ამიტომ „ქართული ოცნება“ და სწორედ იმიტომაც, რომ რაღაც მომენტში „ქართულმა ოცნებამ“ გაიაზრა, რომ ჰუმანურობასთან ერთად ახლა ეფექტიანობის ხარისხიც თუ არ გავზარდეთ, მოქალაქე მოვა და მომკითხავს. ამ მოკითხვის ფასი დღეს და აქ იქნება უფრო მნიშვნელოვანი და დიდი, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა, რადგან მოქალაქეს გამოხატვის თავისუფლება აქვს უზრუნველყოფილი, მედია თავისუფალია, პენიტენციური სისტემა სულ სხვანაირად ფუნქციონირებს.
საერთაშორისო დონეზე საქართველოს პროგრესი და ვალდებულებები ბევრად დიდია. თავისუფლების ხარისხი ისეთია, რომლის შეზღუდვაც პრაქტიკულად შეუძლებელია. საქართველოს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ძლიერი მახასიათებელი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებაა, რომელმაც უკვე იგრძნო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი ჩართულობის მნიშვნელობა. „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, ქვეყნისთვის 12 წლის შემდგომ 8-წლიანი მშვიდი სტაბილური განვითარების შესაძლებლობა მიეცა და სწორედ ამ სტაბილური, მშვიდი განვითარების შემდგომი გაგრძელება უნდა იყოს 2020 წლის არჩევნების შედეგები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.