გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა, საარჩევნო სიაში ვიხილოთ

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე  ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა, საარჩევნო სიაში ვიხილოთ.

„როგორც პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შეიძლება ვიხილოთ სიაში?”, – ამ შეკითხვით მიმართეს დღეს მას ჟურნალისტებმა.

„რა თქმა უნდა“, – უპასუხა გახარიამ ჟურნალისტებს და განაცხადა, რომ ივანიშვილი „ოცნების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარეა.

„რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა“, – განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება შეკითხვას, იქნება თუ არა გიორგი გახარია სიის პირველი ნომერი, პრემიერ-მინისტრი პასუხობს, რომ პანდემიისა და ეკონომიკური გამოწვევის პირობებში, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, სიის რომელი ნომერი იქნება. გახარია ამბობს, რომ მთავრობას ამ ეტაპზე რამდენიმე საზრუნავი აქვს: 1. მოქალაქეთა ჯანმრთელობა და პანდემიის მართვა; 2. ეკონომიკის ამუშავება; 3. არჩევნების უსაფრთხოდ და დროზე ჩატარება.

„მე ვიქნები ბოლო ნომერი, არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები. გულწრფელად გეუბნებით, მთავრობის ძირითადი ამოცანა დღეს არის პანდემია, ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკი.

მეორე ამოცანა გახლავთ უკიდურესად მნიშვნელოვანი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – ჩვენი ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკის აღდგენა.

მესამე ამოცანა – პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, წყნარად, მშვიდად, დემოკრატიულად და ღიად ჩავატაროთ არჩევნები.

როგორ ფიქრობთ, სამი უდიდესი გამოწვევის, პრობლემის, ომის… ფაქტობრივად, თავიდანვე ხომ ვამბობდი, ორ ფრონტზე ვიბრძვით. ჩათვალეთ, რომ ახლა მესამე ფრონტზე ვიბრძვით. ან მე, ან მთავრობის რომელიმე წევრს აქვს დრო, იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ან დისკუსიები გავმართოთ, პირველი სიაში ვინ იქნება ან მეორე?

სიაში ვინ იქნება პირველი ამას კი არ აქვს მნიშვნელობა ან რომელი პარტია უფრო მეტ ხმას მიიღებს, ესეც შეიძლება გახდეს მეორეხარისხოვანი, მთავარია ქვეყანაში ყველამ ერთად – ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ ერთად უნდა ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, ეს არის მთავარი ამოცანა. ეს არის ის გასაღები, რომელიც იმ ბევრ სპეკულირებას, რის სივრცესაც ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსი ქმნის, ერთხელ და საბოლოოდ დაესმევა წერტილი“, – განაცხადა პრემიერმა.