პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, დაპირება, რომ განათლების დაფინანსება 2022 წლიდან მშპ-ის 6%-ს მიაღწევდა, შესაძლოა, გადავადდეს.
„განათლების რეფორმა იყო და იქნება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი. განათლების ბიუჯეტი არ შემცირდება და წლიდან-წლამდე გაიზრდება. რაც შეეხება 6%-იან დაპირებას, რომელიც 2022 წლიდან უნდა შესრულებულიყო, მე დღეს ამ დაპირებასთან დაკავშირებით ვიქნებოდი საკმაოდ ფრთხილად, სხვადასხვა მიზეზების გამო.
მიზეზი ნომერი ერთი – ეკონომიკაზე კოვიდის გავლენის ყველაზე დიდი მახასიათებელი არის გაურკვევლობის მაღალი ხარისხი. არავინ არ იცის, რა ეკონომიკური პარამეტრებით და რა მდგომარეობაში დავასრულებთ 2021 წელს და დავიწყებთ 2022 წელს, ამიტომ ამ საკითხის განხილვა ცოტა გადასავადებელია, თუმცა დაშვების დონეზე ვუშვებ ორივე ვარიანტს. ვუშვებ იმასაც, რომ ამ დაპირების 2022 წლის მაგივრად გადავადება შეგვიძლია მოგვიწიოს. ელემენტარულად ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვნახავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკაში და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ფინანსური პრიორიტეტები იქნება უბრალოდ სხვა, თუ ასე არ იქნება, მაშინ ამ საკითხს დავუბრუნდებით, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, განათლება, როგორც ასეთი სფერო, ქვეყნის პრიორიტეტების ნუსხაში დარჩება“, – განაცხადა გახარიამ.
2019 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ განათლების სფეროში დაფინანსება მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა მშპ-ის 6%-ს მიაღწევს, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს.