გახარიას თქმით, ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს

პუბლიკა

გახარიას თქმით, ტურისტულად საქართველოსთვის საინტერესო ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებები უსაფრთხო კორიდორების შექმნაზე უკვე მიმდინარეობს. ამის შესახებ გახარიამ დღეს მთავრობის კანცელარიაში ტურიზმის აღდგენის გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

პრემიერმა განაცხადა, რომ 1 ივლისიდან უცხოელი ტურისტებისთვის ქვეყანა გაიხსნება და უსაფრთხოება იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი.  შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან აღდგება.

„ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორების შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე – უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით ორმხრივი მოლაპარაკებით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან. ეს მოლაპარაკებები დაწყებულია და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი უცხო ქვეყნიდან სტუმრების მისაღებად“,  – განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, ტურიზმს საქართველოში აქვს შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას პოსტკრიზისულ პერიოდში.

„ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკული მნიშვნელობის წერტილი. ეს არის საზღვარი პირველ რიგში. ჯანდაცვის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ საზღვრებზე გაძლიერდეს შემომსვლელი ადამიანების კონტროლი. ეს კონტროლი თუ აქამდე გვჭირდება, 14-დღიანი კარანტინი 1 საათში უნდა გადაიჭრას. ამის ტექნოლოგიები და შესაძლებლობები უკვე არსებობს და ჯანდაცვის სამინისტრო ამ ამოცანას უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.