„პარტია გახარია-საქართველოს” განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმიდან ამ დრომდე “შერატონი ბათუმი” უარს აცხადებს ვიდეოკადრების გადმოცემაზე.
“შერატონის” ხელმძღვანელობა გვარწმუნებდა, რომ ჩანაწერები არსებობს და ასლი აუცილებლად შეინახება მათთან მაშინაც კი, როცა გამოძიება განჩინებით ამოიღებს ჩანაწერებს. პარალელურად “შერატონ ბათუმის” მენეჯერი ოფიციალურ პასუხს არ გვიბრუნებს და ჩვენს წარმომადგენელს იურისტებთან კონსულტაციის „მიზეზით“ ისტუმრებს.
გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს შევთავაზეთ გიორგი გახარიას გამოკითხვა. პასუხის დაბრუნებას ზუსტად 3 საათი დასჭირდა. 3 საათის თავზე გავიგეთ, რომ საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. გუშინვე შედგა პროკურორთან კომუნიკაცია, რომელთანაც დაფიქსირდა დღეს გამოკითხვის მზაობა. ამის შემდგომ პროკურატურა მიუწვდომელი გახდა კომუნიკაციაში.
რამდენიმე წუთის წინ “შერატონისგან” ვიგებთ, რომ ჩანაწერები განჩინებით სრულად სერვერებიანად წაიღო პროკურატურამ. წაღებულია ვინჩესტერებიც და მათ ჩანაწერის ასლი აღარ აქვთ.
ეს ყველაფერი მიუთითებს გამოძიების და “შერატონის”კოორდინირებულ ქმედებებზე, რომლის მიზანია მტკიცებულებების განადგურება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, “შერატონი” აქტიურად იყო დანაშაულის თანამონაწილე. გარდა ამისა, ამით უდიდესი საფრთხის ქვეშ დგას სერვერებზე არსებული მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაცია”. – აცხადებენ პარტიაში.
შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ.
„პუბლიკის“ ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. გიორგი გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, გახარიას ჰქონდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. ბათუმში მყოფმა პარტიის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა თქვა, რომ თავდასხმაში „ოცნების“ წევრები დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ, მისი თქმით, ვერ ამბობენ დანამდვილებით სხვა გვარებს.