საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დიდი ოდენობით თანხების თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს. სისხლისსამართლებრივი დევნა ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.
პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფინანსურ ინსტიტუტში თანხის დაბანდებისას მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღების მიზნით, ინტერნეტში ყალბი რეკლამა განათავსეს და აშშ-ის მოქალაქეებს დიდი ოდენობით თანხები საქართველოში, მათ მიერვე დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. ამ სქემით ისინი დაზარალებულებისგან $1 820 000-ს დაეუფლნენ.
„შემდგომში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა კანონიერი სახის მიცემის მიზნით, თანხის ნაწილი, ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე, დანაწევრებით გადარიცხა სხვადასხვა ქვეყანაში მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების ანგარიშებზე, რა გზითაც 1 770 000 აშშ დოლარის ლეგალიზაცია მოახდინა“, – აცხადებს პროკურატურა.
პროკურატურის განცხადებით, ამის გარდა მათ გახსნეს კიდევ ერთი საქმე, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში გახსნილი საბანკო ანგარიშები გამოიყენა და საფრანგეთში მოქმედ საწარმოებისგან მოტყუებით მიიღო ფული.
„საფრანგეთში მოქმედი საწარმოების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ოფშორული კომპანია დაარეგისტრირა და საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებაში საწარმოს ანგარიშები გახსნა.
ბრალდებულმა, საფრანგეთში მოქმედ საბანკო დაწესებულებებს მათი კლიენტების სახელით, სხვადასხვა მიზნობრიობით თანხის საქართველოში, მის მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვასთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინებები გაუგზავნა, რა გზითაც აღნიშნული საწარმოების კუთვნილ 445 000 ევროს მოტყუებით დაეუფლა.
შემდგომში, ბრალდებულმა, ფიქტიური დანიშნულებებისა და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის ნაწილი, დანაწევრებით გადარიცხა სხვადასხვა ქვეყანაში მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე, რა გზითაც 100 000 ევროს ლეგალიზაცია მოახდინა“, – აცხადებს პროკურატურა.
პროკურატურის ინფორმაციით, ფიზიკური პირების მიმართ დევნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითობისა და ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო. დანაშაული 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათ ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული იურიდიული პირის ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
„ბრალდებულ ფიზიკურ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ“, – აცხადებს პროკურატურა.