დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრის მაგალითზე დასავლეთმა გაკვეთილი ვერ ისწავლა.
„რუსული აგრესიისგან გაკვეთილები ვერ ვისწავლეთ. ძალიან დიდი ხნით,რუსეთს მეორე ლოყაც მივუშვირეთ. ვერავინ იტყვის, რომ არ გავუფრთხილებივართ: ჩვენ ვნახეთ, რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში 2014 წელს და თუნდაც სოლსბერის ქუჩებში. პოლონეთსა და ესტონეთში ვიზიტისას, ჩემს კოლეგებთან საუბრიდან ვიცი, რამდენად ცხადად გრძნობენ ისინი ამ საფრთხეს“, – აცხადებს ჯონსონი New York Times-თან.
მან უკრაინის შესახებ ექვსპუნქტიანი გეგმაც გამოაქვეყნა, სადაც საქართველო ორჯერ არის ნახსენები. ჯონსონი აღნიშნავს, რომ „თავიდან უნდა ავიცილოთ უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების ნორმალიზება“. მისივე თქმით, საქართველოში შეჭრისა და ყირიმის ანექსიის მაგალითები გვასწავლის, რომ რუსული აგრესიის შედეგების მიღება კიდევ უფრო მეტ აგრესიას წარმოშობს.
ჯონსონმა თავის გეგმაში ასევე ყურადღება გაამახვილა ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაზეც.
„აქ მოიაზრება არა მხოლოდ ნატოს აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერება, არამედ ნატოს არაწევრი ევროპული ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც პოტენციურად რუსული აგრესიის რისკის წინაშე დგანან, ასეთია მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები“, – აცხადებს ჯონსონი.