გალდავა: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააკეთონ განმარტება აფხაზეთში მიმდინარე რუსული ეკონომიკური ანექსიის საპასუხოდ

პუბლიკა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ლანა გალდავა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შესაბამისმა უწყებებმა გააკეთონ განმარტება „აფხაზეთში მიმდინარე რუსული ეკონომიკური ანექსიის საპასუხოდ”.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შესაბამისმა უწყებებმა გააკეთონ განმარტება, აფხაზეთში მიმდინარე რუსული ეკონომიკური ანექსიის საპასუხოდ რატომ დუმან, რატომ არ აკეთებენ განცხადებებს, რატომ არ აქტიურობენ საერთაშორისო მიმართულებით. ზოგადად, როგორ ხედავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის პროცესს. ზემოაღნიშნული ეროვნული ინტერესის მისაღწევად, როგორია მათი ხედვა, სტრატეგია, გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა.

,,ქართული ოცნების“ მიერ გატარებული, დამაზიანებელი საგარეო პოლიტიკით, როგორ აპირებენ საფრთხის აცილებას არაღიარების პოლიტიკისთვის. ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით როგორ ახსნიან კრიზისს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების პერსპექტივაში.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაჩქარებულად მიმდინარეობს ეკონომიკური ანექსია, განსაკუთრებით კი ვითარება გართულდა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც გამოიხატება დღეს, აფხაზი ხალხის დიდხნიანი წინააღმდეგობის ფონზე, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში, რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესში.

ზემოაღნიშნული, ერთის მხრივ, წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გაგრძელებას, მეორე მხრივ, კი ოკუპირებული ტერიტორიის ეკონომიკური ანექსიისთვის აფხაზური, ე.წ. საკანონმდებლო ჩარჩოს მორგებას და აფხაზი ხალხის ნების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას, რომელთა ინტერესშიც, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების რატიფიკაცია არ არის”, – აცხადებს გალდავა.

ლანა გალდავას თქმით, „ქართული ოცნება“, თავისი „დანაშაულებრივი დუმილით და ანტისახელმწიფოებრივი გზავნილებით, აზიანებს არაღიარების პოლიტიკას და არ დგამს რეალურ ნაბიჯებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარების მიმართულებით”.

გალდავას შეფასებით, „ოცნების“ „უმოქმედობის” დასტურია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის მიმართულებით ხედვის, სტრატეგიების, მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმების არქონა.

„ქართული ოცნების“ კაპიტულანტურმა, ხშირ შემთხვევებში კი ანტისახელმწიფოებრივმა განცხადებებმა: შეთხზული გლობალური ომის პარტიის მიზნების, საკუთარი ქვეყნისთვის ომის დაწყების დაბრალების, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებში საქართველოს პარტნიორების დადანაშაულების, ნაომარ ქალაქ გორში საჯარო ბოდიშის მოხდის, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მომტანი პირების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოშვების, საოკუპაციო-გამყოფ ხაზებთან მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის არაეფექტური ღონისძიებების გატარების (ან საერთოდ, არგატარების) შედეგად მივიღეთ ის, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდზე, სხვა ჩამონათვალთან ერთად, რუსეთმა მოითხოვა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება მათი შემდგომი დემარკაციის გზით. ასევე, საერთაშორისო დისკუსიების ჟენევიდან სხვაგან გადატანა.

აქვე, ნათლად გამოჩნდა ის ფაქტი, რომ ,,ქართული ოცნება“, თავისი დანაშაულებრივი დუმილით და ანტისახელმწიფოებრივი გზავნილებით, აზიანებს არაღიარების პოლიტიკას. არ დგამს რეალურ ნაბიჯებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარების მიმართულებით. ზემოაღნიშნული მიზნებით ეფექტურად არ თანამშრომლობს საერთაშორისო ფორმატებში, ვერ იაზრებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების რისკებს. რაც შეეხება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, პირდაპირ აისახება ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების პერსპექტივაზე.

„ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი უმოქმედობის დასტურია ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის მიმართულებით ხედვის, სტრატეგიების, მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმების არქონა.

მაგალითისთვის, არ შემუშავებულა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვა, რის ვალდებულებაც აქვს მთავრობას 2021 წლის საპარლამენტო რეზოლუციით. არ განახლებულა 2010 წლით დათარიღებული სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, ისევე როგორც სხვა უმნიშვნელოვანესი კონცეპტუალური დოკუმენტები“, – განაცხადა ლანა გალდავამ.