ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ეკატერინე გალდავას თქმით, მუშაობენ პროექტზე, რომელიც ლარის გადარიცხვისას VISA-ს და Mastercard-ის გავლენას შეამცირებს.
გალდავამ ამის შესახებ „ქართული ოცნების” პარლამენტში, ევროინტეგრაციისა და ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ილაპარაკა.
სხდომაზე „ქართული ოცნების” წევრმა, ვაკო თურნავამ გალდავას სთხოვა, აეხსნა, „როგორ მუშაობს ღია ბანკინგი და რატომ არის ის კარგი”.
ეროვნული ბანკი მუშაობს „ღია ბანკინგის” პროექტზე, რომელიც „ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციას შორის, მომხმარებლის ინიციატივით, ფინანსურ ინსტიტუტებში არსებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცვლას გულისხმობს”.
ეკატერინე გალდავას თქმით, „ერთი წელია, ცდილობს, გაიგოს, რატომ არ მუშაობს ეს პროექტი ისე კარგად, როგორც უნდა მუშაობდეს”.
„ხანდახან ვცდილობ, ეს დავაბრალო იმას, რომ დეცენტრალიზებულად გაკეთდა და არ გაკეთდა ცენტრალიზებულად, ანუ ეროვნული ბანკის ეგიდის ქვეშ. ხანდახან ქალბატონ ნათიასთან და საბჭოსთან ერთად გვაქვს ეს მსჯელობები, რა შეიძლება უკეთესად გაკეთდეს, რომ ღია ბანკინგი უფრო ცენტრალიზებული იყოს იმიტომ, რომ დღესდღეობით არის საბანკო ასოციაციის ხელში, რამდენიმე დაწესებულებაა მხოლოდ დაერთებული და გარკვეული კრიტერიუმებია საჭირო, რომ ვიღაც დაერთდეს.
არც ისე ადვილია, რადგან საოპერაციო რისკებია გასათვალისწინებელი. ამიტომ, ღია ბანკინგმა კარგად რომ იმუშაოს, ვთვლი, რომ კიდევ ბევრი რაღაც გვაქვს გასაკეთებელი”. – თქვა მან.
ვაკო თურნავამ ასევე თქვა:
„ანუ ღია ბანკინგი ნიშნავს ერთი ანგარიშიდან მეორე ანგარიშზე, შუამავლების გარეშე გადარიცხვა. დღეს ბარათის სისტემებს ვიყენებთ და ხვალ გამოვიყენებთ ანგარიშების სისტემას. ალბათ მალე იქნება შესაძლებელი, ბარათის ნაცვლად მივაბათ ანგარიში.
ვუყურებდი ბოლო სტატისტიკას, VISA-ს და Mastercard-ს აქვთ ასობით მილიონი ლარი საკომისიო ქვეყნიდან გატანილი. კითხვაც ესაა: გამოიწვევს თუ არა ღია ბანკინგის ჩართვა და ალბათ გამოიწვევს, რომ ქვეყნიდან ეს თანხა აღარ გავა და პირიქით, ჩვენს ეკონომიკაში დატრიალდება?”
გალდავამ უპასუხა:
„გარდა ღია ბანკინგისა, ვმუშაობთ სხვა – Switch national card processor-ის პროეტზე, რომელიც Visa-ს და Mastercard-ის გავლენას შეამცირებს ლარის გადარიცხვებზე.
ერთი წელი მაინც დასჭირდება ამის გაკეთებას, ეს მარტივი პროექტი არ არის. ვცდილობთ, საბარათე ბიზნესზე დამოკიდებულება ცოტა შევამციროთ. ვგულისხმობთ, რომ ჩვენი მენტალობა და მოსახლეობა უნდა გადავიდეს ანგარიშის უფრო კარგ მფლობელობაზე, უფრო კარგად უნდა ესმოდეს, რომ მისი ანგარიშის გამოყენება უფრო უსაფრთხო იქნება და არაა აუცილებელი, ყველგან ბარათი გვქონდეს.
არ შემიძლია, არ აღვნიშნო QR კოდებით გადახდის საკითხი, რომელიც ასევე ნაწილია მყისიერი გადახდის სისტემისა”. – თქვა ეკატერინე გალდავამ.