გალის რაიონის მკვიდრი ქართული მხარის მიმართულებით გაიტაცეს - სოხუმი

პუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა გალის რაიონის ერთ-ერთი მკვიდრი ჯემალ სოსელია საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გაიტაცეს.

აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ე.წ. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ჯემალ სოსელიასა და დაუდგენელ პირებს შორის შელაპარაკება მოხდა, რასაც ჩხუბი მოჰყვა. ამის შემდეგ ჩხუბში მონაწილე შეარაღებულმა და ნიღბიანმა პირებმა,  5 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათისთვის სოფელ რეჩხში სოსელიას მანქანა გააჩერეს და მას გალის რაიონის სოფელ საბერიოს მიმართულებით წასვლა აიძულეს.

აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯემალ სოსელიას ავტომობილი გალის რაიონში ერთ-ერთი სოფლის გზაზე იპოვეს. შეიარაღებულმა პირებმა კი, რომლებმაც ჯემალ სოსელიას მათთან ერთად წასვლა აიძულეს, სასაზღვრო ზოლამდე მიჰყვნენ.

აფხაზეთის დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, გამოძიებას თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით გალის რაიონული პროკურატურა იძიებს, აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის დახმარებით.