აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას ცნობით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო აფხაზეთის კონსტიტუციაზე მუშაობს – ინფორმაციას IPN ავრცელებს.
გამახარიას ცნობით, ეს არის „მომავალი აფხაზეთის“ კონსტიტუციის პროექტი და ჯერ მისი საჯაროდ განხილვის დრო არ დამდგარა.
გამახარია აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც დადგება დრო, როდესაც „აფხაზებთან მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდებით, ქართულ მხარეს უნდა ჰქონდეს არა ცარიელი სიტყვები ფართო ავტონომიის მინიჭების თაობაზე, არამედ კონკრეტული დოკუმენტი“.
ჯემალ გამახარიას განცხადებით, ნაბიჯების გადადგმისას ეყრდნობიან ევროპულ გამოცდილებას – როგორ ვარდება ევროპაში მსგავსი პრობლემები და ამ შემთხვევაში მთავარი „არა ფედერაცია თუ კონფედერაცია“, არამედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაა.
„ჩვენ არც ფედერაციას და არც კონფედერაციას არ ვიხილავთ – ჩვენ ვიხილავთ საკითხს თუ როგორ უზრუნველყოთ ერთის მხრივ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მისი ხელშეუხებლობა, ხოლო მეორე მხრივ, აფხაზეთის ფართო უფლებები.
მუშაობა მიდის – ამაზე ვრცლად ვერაფერს ვიტყვი. მუშაობა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში მიდის და როცა ამის დრო დადგება, დოკუმენტს ჩვენს საზოგადოებას წარვუდგენთ“, – ამბობს გამახარია.
ჯემალ გამახარია აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის მიღება ცალმხრივად ვერ მოხდება, თუმცა უნდა არსებობდეს წინადადებები.
„ჩვენ აფხაზებს მუდმივად ვეუბნებით, რომ მზად ვართ, გაერთიანების შემთხვევაში ყველაზე ფართო უფლებები მოგანიჭოთ, რაც მსოფლიოშია ცნობილი – ყველაზე მოწინავე ევროპული გამოცდილება. ჩვენ ამ გამოცდილებას ვსწავლობთ, ვიზიტები განხორციელდა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, ავტონომიებში, შევხდით იქაურ წარმომადგენლებს. წინ კიდევ ორი ვიზიტია. ასე რომ, არის პროცესი და მიდის მუშაობა.
მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დეოკუპაცია მოხდება, ამ დოკუმენტის შესახებ ფართოდ გახდება ცნობილი“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
პარტია „დროას“ ინფორმაციით, რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ვოლსკი საქართველოს გვერდით მდებარე კაფეში შეხვდნენ, სადაც „დროას“ განცხადებით, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის კონფედერაცია განიხილეს.
ინფორმაცია დღეს, 7 მარტს გია ვოლსკიმ დაადასტურა. მისი თქმით, შეხვედრის იდეა ხიდაშელისგან წამოვიდა. ვოლსკის თქმით, დავით ხიდაშელს „არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და არც ანტიქართული იდეა არ გაუმჟღავნებია“.
„სიტყვა კონფედერაცია ახსენა საკმაოდ ხმამაღლა, ისე, რომ გვერდით მსხდომებმა მოიხედეს კიდევაც. ამაში თუ რამე აზრობრივი დევს – ყველამ იცის, რომ კონფედერაცია შეიძლება, რომ ასეთ ვითარებაში ამაზე ლაპარაკი არ არის”, – აღნიშნავს ვოლსკი.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „პუბლიკასთან” ხსნის, რომ თავისთავად კონფედერაციის იდეაში ცუდი არაფერია. თუმცა, კატეგორიულად მიუღებელია რუსეთიდან წამოსული ინიციატივა, დავით ხიდაშელი კი რუსეთის ინტერესებს ატარებს.