2025 წლის 3 სექტემბერს აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის საქმეზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვები თქვეს.
გთავაზობთ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქერაშვილის საბოლოო სიტყვას:
„მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართულია პროტესტში… ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელიც უდიდეს მხნეობას მანიჭებს. განსაკუთრებით კი ჩემს დას მინდა გადავუხადო მადლობა… ძალიან მიყვარხარ, მაჩვენე სიძლიერე.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ადვოკატებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძოდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლდა და ვფიქრობ, დაამტკიცეს ჩვენი სიმართლე.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენზე არანაკლებ საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენელი გახლავართ, ყოველთვის უდიდესი კრძალვითა და პატივისცემით ვიყავი განმსჭვალული თქვენი პროფესიისადმი და სასამართლოს, როგორც ინსტიტუციისადმი, ვინაიდან თქვენ ხელშია ჯანმრთელი ადამიანის თავისუფლება.
ჩემი ღრმა რწმენით, თავისუფალი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი როგორც სასამართლო, ისე მედია, ადამიანის უფლებებთან ერთად, წარმოადგენს დემოკრატიის ფუნდამენტს.
სწორედ აღნიშნული ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის გამო ვისჯებით და უკანონო პატიმრობაში ვიმყოფებით, აგერ უკვე მე-9 თვეა.
იმედი მაქვს, თქვენც იაზრებთ, რომ სამართლიანობა, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და თავისუფლება მოსამართლისათვის ფუნდამენტია და მათი არქონის შემთხვევაში მოსამართლეს ერთი ნაბიჯი აშორებს ღრმად პატივსაცემი პროფესიიდან ჯალათობამდე.
სამწუხაროდ, გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ მაქვს. არა იმიტომ, რომ დამნაშავე ვარ, არამედ, მაქვს განცდა, რომ სასამართლო მიკერძოებულია, თუმცა იმედს მაინც არ ვკარგავ.
მინდა, მივმართო რეჟიმს – იმისდა მიუხედავად, რომ ცდილობდით, ციხის 4 კედლით შეგეშინებინეთ, თქვენდა სამწუხაროდ ვერ გაითვალისწინეთ, რომ მაღალი AQ-ს მქონე პირი ვარ. ვინაიდან რეჟიმის წარმომადგენლები დაბალი IQ-ს მქონე პირები არიან, განვუმარტავ, AQ ნიშნავს ადაპტიურობის ინტელექტს.
იმისდა მიუხედავად, რომ პროკურატურა ჩვენ მიმართ ბოროტებას სჩადის, სავარაუდოდ, მომავალში ჩვენ გადავიკვეთებით, როგორც ექიმი და პაციენტი, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, მე, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, მოგიტევებთ თქვენს დანაშაულს და კეთილსინდისიერად განვახორციელებ ჩემს პროფესიულ მოვალეობას.
კიდევ ერთხელ მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ჩვენს პროცესებს ესწრება, ძვირფას ადამიანებად მივიჩნევენ მათ. განსაკუთრებით მინდა, სიძლიერე და შემართება შეინარჩუნოს ჩემმა ოჯახმა, ჩემმა დამ, ჩემმა მეუღლემ და ყველას მოგიწოდებთ, ყოველ დღე იბრძოლოთ, გამარჯვება აუცილებლად ჩვენ მხარეს იქნება“, – თქვა ქერაშვილმა საბოლოო სიტყვაში.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 11 პირს ბრალდება გადაუკვალიფიცირა 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან ამგვარ ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას.
ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე.
თერთმეტივე პირს 2 წლით თავისუფლების აღკეთა მიუსაჯეს.
პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.