გამარტივებული შესყიდვით 3.8 მლნ ლარის კონტრაქტები „ოცნებისა“ და ზურაბიშვილის შემწირველებზე მოდის - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე სახელმწიფომ გამარტივებული გზით სამშენებლო მომსახურების შესყიდვის 4,500-მდე კონტრაქტი გააფორმა. ამ კონტრაქტების ჯამური ღირებულება 125 მლნ ლარამდეა.

ორგანიზაციის ცნობით, გამარტივებული შესყიდვის გზით სამშენებლო მომსახურებაზე გაფორმებული კონტრაქტებიდან 33.8 მლნ ლარის ჯამური ღირებულების კონტრაქტები პარტია „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემწირველების კომპანიებზე მოდის.  33.8 მლნ ლარი 31 კომპანიაზე და ერთ ფიზიკურ პირზე ნაწილდება, რომლებმაც 2016-2021 წლებში „ქართულ ოცნებას“ ჯამში 1.1 მლნ ლარზე მეტი შესწირეს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გამარტივებული შესყიდვის გზით სახელისუფლო პარტიის შემომწირველებთან კონტრაქტების გაფორმება კორუფციულ გარიგებებზე აჩენს ეჭვს.

„2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში პირდაპირი შესყიდვის გზით კონტრაქტები 72-მა ახლად დაფუძნებულმა კომპანიამ მიიღო. სახელმწიფო უწყებებმა მათ კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 6 თვეში გაუფორმეს. აღნიშნულ კომპანიებს ჯამში 200 კონტრაქტი გაუფორმდათ, რომელთა ჯამური ღირებულება 3.8 მლნ ლარია.

კომპანიების ნაწილს და მათ მფლობელებს ბიზნეს საქმიანობის გამოცდილებაც კი არ გააჩნდათ.

43-მა კომპანიამ კონტრაქტები დაფუძნებიდან 3 თვეზე ნაკლებ დროში მიიღეს, ხოლო 8 კომპანიას კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 10 დღეში გაუფორმდა. მათ შორის, 2 კომპანია – შპს „ბურღი“ და შპს „ხარისხი 2021“ ერთი დღის დაფუძნებული იყო, რომლებმაც ჯამში 243,000 ლარის კონტრაქტები მიიღეს.

ახლად დაფუძნებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა, მით უმეტეს გამარტივებულ შესყიდვებში, კორუფციის ალბათობას ზრდის და ამასთან ერთად, გამოუცდელი კომპანიისგან მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ხარისხიც დგება ეჭვქვეშ“, – ამბობენ ორგანიზაციაში.

TI -ის რეკომენდაციაა:

  • კორუფციის ნიშნების შემცველი სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებით საგამოძიებო უწყებები უფრო მეტად უნდა ინტერესდებოდნენ;
  • შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ახლად დაფუძნებულ, გამოუცდელ კომპანიებთან გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების დადებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი, ან ასეთი გადაწყვეტილებები ჩვეულებრივზე უფრო მაღალი სტანდარტით დაასაბუთონ.

იხილეთ ვრცლად ანგარიში კომპანიებისა და შესყიდვების შესახებ.