საქართველოს სახალხო დამცველი „ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ რუსულ კანონს ეხმაურება და აცხადებს, რომ კანონმდებლობის მიზნის მიღწევა მოქმედ კანონში სხვაგვარი ცვლილებების შეტანის გზითაც არის შესაძლებელი.
„აღნიშნული ინიციატივის მიზანი – საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა – წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა მისი მიღწევა შესაძლებელია გაერთიანების უფლებაში არაპროპორციული ჩარევის გარეშე, რაც არ უნდა გამოიხატოს ორგანიზაციების სტიგმატიზება და ადამიანების ღირსების შელახვაში.
სახალხო დამცველის პოზიციით, ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია განხორციელდეს მოქმედ კანონმდებლობაში სხვაგვარი ცვლილებების შეტანის გზით”, – ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველს მოყვანილი ჰყავს შარშან ინიციირებული კანონები, რომლებიც ეუთო/ოდირს შეფასებული აქვს ადამიანის ძირითად უფლებებთან შეუსაბამო ინიციატივებად.
„საქართველოს კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
„აღნიშნული განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, ვინაიდან, გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებასთან, აგრეთვე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით, სხვა ქვეყნების კანონმდებლობაში ასახული მსგავსი მოწესრიგება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა უარყოფითად შეაფასეს.
შესაბამისად სახალხო დამცველის მოსაზრებით, პარლამენტმა არ უნდა მიიღოს არც ერთი სამართლებრივი აქტი, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს კონსტიტუციური მისწრაფების აღსრულებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის და eAIMS მონაცემთა ბაზის მოდიფიცირებით, შესაძლებელია მარტივად იქნას მიღწეული საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდის ლეგიტიმური მიზანი.
„ცალკე ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ქმნის ორგანიზაციებთან სხვადასხვა სახის (შრომით ან მომსახურების სახელშეკრულებო) ურთიერთობაში მყოფი ნებისმიერი პირის შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გასაჯაროების საფუძველს, რაც შესაძლოა ხელყოფდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი სრულ მზაობას გამოხატავს – განსახილველი ინიციატივების ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დამატებითი კონსულტაციები გამართოს კანონპროექტის ავტორებთან”, – აღნიშნავს სახალხო დამცველი.
„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.
მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.
რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.
პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.