თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს.
„მე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას ვუჭერ მხარს. „ნაციონალური მოძრაობა” დღეს იმ მდგომარეობაშია, რომ სწორედ ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ. ჩემი სრული მხარდაჭერა მას. ძალიან გამეხარდება, თუ ლევან ხაბეიშვილი იქნება არჩეული „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ. ცოტა უფრო მეტად გავერთობით,” – განაცხადა კახა კალაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო.
მან განაცხადა, რომ თანაგუნდელებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ თავმჯდომარის პოსტზე მისი მიზანი იქნება პარტიის გაძლიერება, „რუსი ოლიგარქის დამარცხება და საქართველოს გათავისუფლება“, ასევე მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა. მან ამისთვის პარტიასთან შტაბის შექმნაც დააინიციირა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სამართლებრივ საკითხებზე კოორდინირებულად იმუშაონ. ხაბეიშვილმა შტაბის ხელმძღვანელობა გიორგი ჩალაძეს შესთავაზა.