გამგებელი ჩანგრეულ კორპუსზე: ყველა ოჯახი გაგვყავს სასტუმროში, ღია ცის ქვეშ არავინ დარჩება

პუბლიკა

ნაძალადევის რაიონის გამგებელი ამბობს, რომ დადიანზე დღეს ჩანგრეული კორპუსიდან ყველა ოჯახს სასტუმროში გადაიყვანენ. მისივე თქმით, მობინადრეებს მერიამ მანამდეც შესთავაზა ქირით გაყვანა, თუმცა მაცხოვრებლები წინააღმდეგები იყვნენ და შეთანხმება ვერ მოხდა. კორპუსში მცხოვრებლების ნაწილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ იატაკის ჩანგრევა პირველ სართულზე მდებარე აფთიაქში სარემონტო სამუშაოებს შეიძლება გამოეწვია.

„დავათვალიერეთ, მიმდინარეობს მოკვლევა და იტყვიან რასაკვირველია ყველაფერს, დასკვნა დაიდება. ყველა ოჯახი გაგვყავს სასტუმროში. ღია ცის ქვეშ არავინ არ დარჩება. შემდეგ, პირველადი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებლად ჩვენ ქირით გავიყვანთ. ჩვენ არაერთხელ გვქონდა შეთავაზება ქირით გაყვანაზე და მერე გლობალური მასშტაბით ყველა პრობლემის მოგვარება, მაგრამ უარი განაცხადეს. ასე რომ მუნიციპალიტეტს, მერიას და გამგეობას ყველასთან ჰქონდა შეთავაზება, რომ ქირით გასულიყვნენ და შემდგომ გვეზრუნა ამ გლობალური მასშტაბის პრობლემის მოსაგვარებლად“, – თქვა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ.

დღეს დადიანის ქუჩაზე სამსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ჭერი ჩაინგრა, დაზიანდა პირველ სართულზე მდებარე აფთიაქის შენობა. შენობიდან ორი ადამიანი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს.