გამგებლები აგებთ პასუხს და დატოვებთ თანამდებობას, როდესაც შეტყობინებაზე არ იქნება რეაგირება - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ახლად არჩეულ გამგებლებს მიმართა. მისი თქმით, მომდევნო 4 წელი აქტიურად უნდა გამოიყენოს მთავრობამ და თითოეულმა რაიონმა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს მომდევნო ოთხი წელი, რადგან საზოგადოება კიდევ უფრო მეტს ელოდება ჩვენგან. ამიტომ განსაკუთრებული კომუნიკაცია, განსაკუთრებული ურთიერთობა თქვენი რაიონის მცხოვრებლებთან.

არ უნდა იყოს რაღაც ბარიერები თუნდაც გამგებელთა შეხვედრასთან დაკავშირებით, ასევე, ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს. მაქსიმალური კომუნიკაცია (მაქსიმალური და აუცილებელი) და სწრაფი რეაგირება ზარებზე. არ უნდა მოხდეს ისე, როგორც გვქონდა ჩვენ… მაგალითად, პარკებში ზიანდებოდა ატრაქციონები. იყო შემოსული შეტყობინება და არ იყო რეაგირება. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. არა ის კონკრეტული თანამშრომელი აგებს პასუხს და მიიღებს, უბრალოდ, შენიშნვას ან დაჯარიმდება, გამგებლები აგებთ პასუხს  და დატოვებთ თანამდებობას. გაითავიეთ ეს ყველამ კარგად – გამგებლები აგებთ პასუხს როდესაც შეტყობინებაზე არ იქნება რეაგირება“, – მიმართა კახა კალაძემ გამგებლებს.

კახა კალაძემ  მთავრობის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის შუალედური პროექტი თბილისის საკრებულოს უკვე წარედგინა, რომლის მიხედვითაც, საბიუჯეტო ნაწილი მილიარდ 200 მილიონისგან შედგება, ხოლო დონორი ორგანიზაციებისგან მიზიდული გრანტების ფარგლებში, დაახლოებით, 230 მლნ ლარია განსაზღვრული.

თბილისის მერის თქმით, ჯამურად, ამ ეტაპზე, შუალედური ბიუჯეტი მილიარდ 430 მლნ-ზეა წარდგენილი.