„გამიტაცეს ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით" - მუხთარლი გოგაშვილის დაკითხვას მოითხოვს

პუბლიკა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ეხმაურება სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მუხთარლი, ივანიშვილის დავალებით, სუს-ის თანამშრომლებმა გაიტაცეს.

„ფორმულასთან“ ინტერვიუში აფგან მუხთარლი ამბობს, რომ ის მართლაც ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით გაიტაცეს, ოპერაციაში კი მონაწილეობდნენ სუს, კრიმინალური პოლიცია, სასაზღვრო და საბაჟო სამსახურები. მუხთარლი ვარაუდობს, რომ 4 სახელმწიფო უწყება ამას ბიძინა ივანიშვილისა და მაშინდელი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ნებართვის გარეშე ვერ გააკეთებდა. მისივე ინფორმაციით, ამ ოპერაციისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 3 მილიონი დოლარი მიიღო.

„ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით გამიტაცეს. ამაში ერთობლივად იყვნენ ჩართული უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიცია, სასაზღვრო სამსახური და საბაჟო სამსახური, კონკრეტულად კი ლაგოდეხის გამშვები პუნქტი.

4 სახელმწიფო უწყება, ივანიშვილისა და მაშინდელი პრემიერის, კვირიკაშვილის ნებართვის გარეშე, ვერ გააკეთებდა. ასევე მქონდა ინფორმაცია, რომ ქართულმა მხარემ ამისთვის ძალიან დიდი თანხა, 3 მილიონი დოლარი მიიღო. აზერბაიჯანული მხრიდან ეს თანხა სასაზღვრო სამსახურმა გასცა, საქართველოს მხრიდან კი უსაფრთხოების სამსახურმა აიღო“, – ამბობს მუხთარლი. [„ფორმულას“ თარგმანი]

აფგან მუხთარლი ამბობს, რომ მოითხოვს, სოსო გოგაშვილმა ოფიციალური ჩვენება მისცეს და ასევე მოითხოვს მისი სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვას.

„მოვითხოვთ, რომ სოსო გოგაშვილმა ოფიციალური ჩვენება მისცეს პროკურატურას და მოვითხოვთ მის დაცვას, რომ ის ციხეში არ მოკლან. მან ძალიან ბევრი რამ იცის ივანიშვილის დანაშაულების შესახებ, მინდა ჩამოვიდე თბილისში და თვითონ მივიღო მონაწილეობა პროცესში, თუმცა პრობლემა ისაა, რომ საქართველოში არ მიშვებენ. ამიტომ მივმართავ ევროკავშირს, ევროპარლამენტს, მომცენ გარანტია, რომ თბილისში ჩამოსვლას შევძლებ“, – ამბობს აფგან მუხთარლი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს. ამჯერად მისი მიმართვის მთავარი ადრესატი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურია. ის წერილში ახსენებს, რომ „მუხთარლის სუსის ზონდერების მიერ გატაცება”, „ბიძინას დავალება” იყო.


აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს, საღამოს, თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს. აზერბაიჯანში მას ბრალად წაუყენეს საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდა. აფგან მუხთარლი ამბობდა, რომ ის პოლიტპატიმარია და აზერბაიჯანის მთავრობა როგორც ჟურნალისტს დევნიდა. ის ასევე ამბობდა, რომ მისი გატაცების საქმეში მონაწილეობდა როგორც აზერბაიჯანის ისე საქართველოს ხელისუფლება. აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქციები თბილისში მთავრობის კანცელარიასთან იმართებოდა. აზერბაიჯანში მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.  ჟურნალისტი სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს გათავისუფლდა, რის შემდეგაც გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა.