გამოაცხადეთ არასაფრენ ზონად უკრაინა, ჩაუკეტეთ ყველა არხი რუსეთს - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსული არმიის მიერ ხარკოვში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა მიზანმიმართული იყო და ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

მისი თქმით, იმ ადგილებში არ ყოფილა არც ერთი სამხედრო ობიექტი და თვითმხილველები მოწმობენ, რომ ეს არ ყოფილა შემთხვევითი ცეცხლი, რუსეთმა სასტიკი სარაკეტო იერიში მიიტანა მშვიდობიან მოსახლეობაზე.

ზელენსკის განცხადებით, ამ სამხედრო დანაშაულების გამო რუსეთმა მეტად უნდა აგოს პასუხი. საჭიროა უკრაინის საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადება რუსული თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და რაკეტებისთვის, რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოდან გარიცხვა და სავაჭრო ემბარგო.

„ყველა პორტი, არხი, აეროპორტი უნდა დაიკეტოს მათთვის. ასეთ ქვეყანას არ უნდა შეეძლოს ასობით მილიარდის შოვნა ენერგორესურსების ექსპორტით. რუსული პროდუქციის ყიდვა ხალხის ხოცვაში გადახდილი ფულია“, – განაცხადა ზელენსკიმ.