გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თანამდებობას ტოვებს

პუბლიკა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფო გორგოძე თანამდებობას ტოვებს.

საგულისხმოა, რომ თანამდებობის დატოვებაზე გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საერთაშორისო კვლევის ანგარიშის გამოქვეყნება. PISA-ს ეროვნული ანგარიში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა.

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გადადგომის გადაწყეტილებაზე სოფო გორგოძის კომენტარი გამოაქვეყნა.

“შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩემი მუშაობიდან უკვე 5 წელი გავიდა.
ეს გახლდათ არაჩვეულებრივი გამოცდილება და ძალიან საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ 1 იანვრიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა.
აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მქონდა მიღებული და მას არავითარი კავშირი არ აქვს ცენტრის საქმიანობასთან.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობისთვის, მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს კი მხარდაჭერისთვის და ჩემს საქმიანობაში მაქსიმალური ხელშეწყობისთვის.
ყოველთვის ვიქნები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დიდი გულშემატკივარი. მცირე შესვენების შემდეგ კვლავ გავაგრძელებ აქტიურ საქმიანობას განათლების სფეროში”.

ანგარიშის მიხედვით, სამი მიმართულებიდან ორში, 2018 წელთან შედარებით საქართველოს ქულა შემცირებულია.

საქართველოს მოსწავლეები 2022 წელს მათემატიკაში შეფასდნენ 390 ქულით, კითხვაში – 374, საბუნებისმეტყველო საგნებში – 384 ქულით. 2018 წელთან შედარებით მათემატიკაში მიღწევა შემცირდა 8 ქულით, კითხვაში – 6 ქულით, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში გაიზარდა 1 ქულით.

სოფო გორგოძე გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს.