Aliq Media-ს დამფუძნებელი არსენ ხარატიანი საქართველოში არ შემოუშვეს

პუბლიკა

ქართულ-სომხური მედია Aliq Media-ს დამფუძნებელ არსენ ხარატიანს საქართველოში არ უშვებენ. ხარატიანი წარსულში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ყოფილ მრჩეველიც იყო.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხარატიანს საქართველოში შემოსვლის პრობლემა მეორედ შეექმნა.

საქართველოში ის ლუქსემბურგიდან ბრუნდებოდა. ხარატიანი 4 საათის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იყო დაყოვნებული. ჩამორთმეული ჰქონდა ტელეფონი. დაკავების და ქვეყანაში არშემოშვების მიზეზი მისთვის არ აუხსნიათ.

რამდენიმე დღით ადრე არსენ ხარატიანი თბილისში სომხეთიდან მოდიოდა, როცა აეროპორტში 2 საათით დააყოვნეს, შემდეგ კი ქვეყანაში შემოსვლის ნებართვა მისცეს. მას შემდეგ ხარატიანმა საქართველო დატოვა, კიდევ ერთხელ დაბრუნების უფლება კი აღარ მიეცა.

ამ დროის ინფორმაციით, Aliq Media-ს დამფუძნებელი საქართველოდან სტამბოლში გაგზავნეს.

მოგვიანებით თავად არსენ ხარატიანმა „ფეისბუქზე” დაწერა, რომ მისი დეპორტაცია, ანუ საქართველოში შესვლაზე უარი პოლიტიკურია.

„ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ არავის აუხსნია მიზეზი, რატომ ამიკრძალეს საქართველოში შესვლა, სადაც 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი, შევქმენი მედია, დავაარსე ორგანიზაციები, დავეხმარე სომხეთსა და საქართველოს შორის ხიდების აშენებას და სხვა.

საქართველო იყო და არის ჩემთვის მეორე სამშობლო და ვინც მიცნობს ხვდება, რამდენს ნიშნავს ჩემთვის ეს უარყოფა.

ამ დროისთვის ეჭვი არ მეპარება, რომ ეს უარი, ანუ დეპორტაცია, პოლიტიკურია, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ან ეშინია ჩემნაირი ადამიანების, ან ჰყავთ პატრონები მოსკოვიდან ან ბაქოდან, რომლებიც ეუბნებიან, რომ „გაწმინდონ სივრცე“ არჩევნებამდე.

საპარლამენტო არჩევნებამდე ექვსი კვირით ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება” თითქოს არ ზრუნავს ახალი მეგობრების შეძენაზე, თუმცა, მსგავსი ქმედებებით ახალ მტრებსაც იძენს. ერთი რამ ჩემთვის ცხადზე მეტია, საქართველოში დავბრუნდები და ეს ძალიან მალე მოხდება.

არ არსებობს გზა, რომ მსოფლიოს რომელიმე ძალამ საქართველო გახდის ისეთ ქვეყანად, როგორიც ბელორუსია. ქართველი ხალხი მომწიფებული და ძლიერია, როგორც სამოქალაქო საზოგადოება”. – დაწერა მან „ფეისბუქზე”.