„მშვიდობის ქალაქში მკვლელი შადრევნებია” – თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და თბილისის მერიის ახალი სლოგანის გასაპროტესტებლად აქცია დააანონსეს.
ხვალ, 30 ნოემბერს, 21 საათზე – ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, მივიდნენ თავისუფლების მოედანზე და გააპროტესტონ თბილისის მერიის ახალი სლოგანი – „მშვიდობის ქალაქი”.
მათი თქმით, როცა უკრაინაში ომია და იქ ყოველდღიურად იხოცებიან საერთო მტერთან ბრძოლაში, როდესაც ასე ხშირია ფემიციდის შემთხვევები, როდესაც ახალგახსნილ ვაკის პარკში ბავშვი დაიღუპა, მსგავსი ლოზუნგი ცინიზმია და ეს საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას.
„წარმოუდგენელია, რომ ეს წარწერა თბილისის ცენტრში იყოს, იმიტომ, რომ არანაირი მშვიდობა ჩვენს ქალაქში არ არის, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ყოველდღე ხოცავენ აქ ქალებს, მერე იმიტომ, რომ მთელი მსოფლიოა ახლა ჩართული ომში, ომი არის უკრაინაში… ამის მაგივრად ჯობდა დაეწერა, რომ საქართველო არის დღეს უკრაინის გვერდით, იმიტომ, რომ იქ ბავშვები, ადამიანები იხოცებიან; იმიტომ, რომ დღეს ჩვენ თავზე ბომბი არ გვეცემა, არ ნიშნავს, რომ მშვიდობაა ამ ქალაქში”, – აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.
„მე არ ვიცი ჩვენი მოსახლეობა მას თუ დაუშვებს… იმ პერიოდში როდესაც კიევი იბომბება და აქ აგროვებენ ფულს, რომ გენერატორები უყიდონ, რათა იქ შური აანთონ, კახა კალაძე აწერს აქ – „მშვიდობის ქალაქი”. ამას თუ ჩვენ დავუშვებთ, ეს იქნება თითოეული ჩვენგანის დანაშაული… თუკი ამ ქალაქში არიან მოქალაქეები, ვისაც ეს საკითხი აწუხებს და აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, 1 საათით მოდით ხვალ 9 საათზე თავისუფლების მოედანზე. გამოცვალონ სლოგანი, რაც უნდა ის დაწერონ, მაგრამ ახლა ასეთი უტიფრობის დაწერა… როცა დღე არ გავა, რომ არ ჩამოასვენონ საქართველოში უკრაინაში დაღუპული მეომარი. ეს თუ დავუშვით, მერე აღარაფერი გაგვიკვირდეს”, – აღნიშნა ნატა ფერაძემ.
„ეს არის დიდი ტყუილი, არანაირი მშვიდობის ქალაქი ჩვენ არ ვართ. ეს ერთი. ასევე, იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენი მოძმე ერი თავგანწირვით იბრძვის მათ შორის ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ… ამ დროს იმის დაწერა, რომ თურმე ჩვენთან მშვიდობა ყოფილა, სითბოა და შუქი გვაქვს, არის უკიდურესი ცინიზმი და უღირსი საქციელი. მე მგონია, რომ ეს არ უნდა დავუშვათ”, – ამბობს დავით დვალი.
თბილისის მერიაში „პუბლიკას“ უდასტურებენ ინფორმაციას, რომ წელს წინასაახალწლო სლოგანი „თბილისი მშვიდობის ქალაქი“ იქნება.