„გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას და გაირკვევა ყველაფერი“ – ბადრი ესებუას მამის მიმართვა

პუბლიკა

ტელეკომპანია „მაესტრო“ ბადრი ესაუბუას მამის მიმართვას ავრცელებს. ის შვილს მიმართავს და ოჯახთან კონტაქტზე გასვლას სთხოვს.

„გელოდებოდით გუშინ, არ ჩამოხვედი. სად ხარ? გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას და გაირკვევა ყველაფერი ნორმალურად. ან დაგვიკავშირდი, ან ჩაბარდი პოლიციას.  გთხვოთ, ამას. მეტი არაფერი სათქმელი არ გვაქვს“, – ამბობს მიმართვაში ბადრი ესებუას მამა.

21 ოქტომბერს, დღის სამ საათზე, ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი მოითხოვა მათი გათავისუფლების სანაცვლოდ. თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა, ბოლოს კი შენობა ხელყუმბარით ხელში, ორ მძევალთან, სამხარეო პოლიციის უფროსსა და თანხასთან ერთად დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომ ყველა მძევალი თავისუფალია და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და ის ყოფილი სამხედრო ბადრი ესებუაა. ის ჯერ არ დაუკავებიათ. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.