სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ დღეს 19:00 საათზე ონლაინაქციას გეგმავს. ონლაინპლატფორმა ZOOM-ით გამართულ აქციაზე, „სირცხვილიას“ განცხადებით, თავისი პროტესტის საჯაროდ გაჟღერება ყველა მოქალაქეს შეეძლება.
„ჩვენ დავრჩით სახლში, თუმცა ვნახეთ ხელისუფლების უუნარობა საპატრიარქოს მიმართ, რაც სოციალური დისტანცირებით, ეკონომიკური შეზღუდვებითა და თითოეული ჩვენგანის სახლში დარჩენით მიღებულ ეფექტს სრულიად აუფასურებს.
ჩვენ გვახსოვს არსებული ხელისუფლების დემოკრატიისთვის მავნე ნაბიჯები და არსებული კრიზისის დროს თვალს ვადევნებთ მათ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც ადამიანთა ჯანმრთელობას, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, – ნათქვამია სამოქალაქო მოძრაობის განცხადებაში.
როგორც „სირცხვილია“ წერს, ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯებიდან ჩანს, რომ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისი არ არის მათი ძირითადი საზრუნავი და ამ პერიოდში ისევ გრძელდება აქტივისტებსა და ოპონენტებზე თავდასხმა.
„ტროლი გვერდები ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას ვირუსთან დაკავშირებით, კვლავ გამალებით ესხმიან თავს აქტივისტებს, პოლიტიკურ ოპონენტებსა და კრიტიკულ აზრს, ხელისუფლება უსწორდება პოლიტპატიმრებს და განაგრძობს კლანურ მმართველობას.
დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება, პროტესტი საჯარო შეკრებისა და მანიფესტაციის გზით გამოვხატოთ. მაგრამ ჩვენ არც არასდროს გვითხოვია უფლება თავისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ, დღეს 19:00 საათზე ონლაინაქციის სახით გავაპროტესტებთ ყველაფერს, რაც სირცხვილია“, – წერს „სირცხვილია“.