17 მაისთან დაკავშირებული ინსტალაციის დაზიანებისთვის შსს-მ გამოძიება დევნის მუხლით დაიწყო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედაენის ბაღში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სსსკ 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც დევნას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, „ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ დამფუძნებელი და ჰომოფობიურ დაჯგუფებებთან ასოცირებული პირი, გურამ ფალავანდიშვილი დაკითხვაზეა გადაყვანილი.

საუბარია რამდენიმე საათის წინ მომხდარ შემთხვევაზე. ქვიარ აქტივისტების თქმით, ფალავანდიშვილი დედაენის ბაღში განთავსებულ ინსტალაციასთან მივარდა და დააზიანა.

ა/ო „თბილისი პრაიდმა“ ამ ინციდენტის გამო მთავრობას, შსს-ს და შესაბამის უწყებებს მიმართა და მოითხოვა,  რომ დაუყოვნებლივ დააკავონ გურამ ფალავანდიშვილი.


დღეს ლგბტქ აქტივისტებმა დედაენის ბაღში ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინსტალაცია Welcome to the closet დადგეს.

„ინსტალაცია ქვიარ თემას ეხება – არის ყუთი, სადაც შედიხარ და ისმის ხმა, რომელიც ჰყვება, რომ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ-ჩვენი ცხოვრებით და არ უნდა დავიმალოთ“, – ჰყვება ერთ-ერთი აქტივისტი.

გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ფარგლებში, თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განცხადება გაავრცელა.

შსს-ს ცნობით, 17 მაისთან დაკავშირებით 15-20 მაისს, თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება და უწყების განცხადებითვე, პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

მათივე მტკიცებით, ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.