გამოძიება მისი დასრულების შემდეგ შევაფასოთ ყველა მხრიდან - გახარია შაქარაშვილის საქმეზე

პუბლიკა

„სახელმწიფოსა და საგამოძიებო ორგანოების ვალია, ყველა კითხვას უმოკლეს ვადებში გაეცეს პასუხი. არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი”. – უთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

„მე თუ კითხვები მიჩნდება, მათ ვუსვამ ჩემს კოლეგებს და ეს არ არის კითხვები, რომლებიც, ტრაგედია სანამ ცხელია და გამოძიება არ დასრულებულა, შეიძლება, საჯაროდ გამოვიტანოთ”. – ამბობს პრემიერი და დასძენს, რომ „როცა გამოძიება დასრულდება და შედეგი დადგება, უკვე შემდეგ შეიძლება გამოძიების ყველა მხრიდან შეფასება”.

მისივე თქმით, „ის, რაც ახლა ხდება, პოლიტიკური სპეკულირება ტრაგედიის გამოყენებით და კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია”.
______________________________

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მყვინთავებმა  წყალში იპოვეს. მისი დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე მიმართა.

როგორც შემდგომ დადგინდა გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფმა მცხეთა-თბილისის გზაზე წვეულების მონაწილეთა დევნა დაიწყო. სწორედ ამ ღამეს უჩინარდება გიორგი შაქარაშვილი.

ამ დროისთვის დაკავებულია 17 ბრალდებული, თუმცა მკვლელობის კვალიფიკაცია, ჯერჯერობით, არ არსებობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მუხლები შესაძლოა ექსპერტიზის შემდეგ დამძიმდეს.

ექსპერტიზის პასუხები დღეს უნდა გახდეს ცნობილი.