გამოძიება მუშაობს იმაზე, თუ რატომ ესხმოდნენ თავს აგრესიული პირები მაინცდამაინც ჟურნალისტებს - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის იმაზე, თუ რატომ ესხმოდნენ თავს ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს.

პრემიერმა ძალადობრივი ჯგუფები წინა ხელისუფლებას დაუკავშირა და განაცხადა, რომ არსებობს ვერსია, რომ ძალადობრივი ჯგუფების უკან „რევანშისტრული ძალა“ დგას.

„მე არ მინდა აქ… სპეკულაციებზეა საუბარი, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. მათ შორის იმ ვერსიაზე, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული აგრესიული პირები და რატომ მაინცდამაინც ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე გააკეთეს მიზანმიმართული შეტევა.

ეს არის ლეგიტიმური კითხვა, რასაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა, აღნიშნული პროვოკატორების უკან ასევე იდგეს რევანშისტული, რადიკალური ძალა.

ჩვენ კარგად გვახსოვს, მეგობრებო, და არავის დაავიწყდება ამ ქვეყანაში, რა მეთოდებით მართავდნენ აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები ჩვენს ქვეყანას. როცა ხდებოდა ტერორისტული აქტების დადგმაც კი საკუთარ მოქალაქეებზე და საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.