გამოძიება ტრანსგენდერი ქალის ადმინისტრაციული წესით დაკავებას მოითხოვდა – „თანასწორობის“ განცხადება

პუბლიკა

ტრანსგენდერ ქალს, რომლის ადმინისტრაციული წესით დაკავებასაც გამოძიება მოითხოვდა, სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება შეუფარდა. ამის შესახებ განცხადებას „თანასწორობის მოძრაობა“ ავრცელებს.

„პუბლიკა“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„2019 წლის 20 დეკემბერს, ღამის საათებში, „თანასწორობის მოძრაობას“ დაუკავშირდა ტრანსგენდერი ქალი თ. ქ., რომელმაც განაცხადა, რომ მას თავს დაესხნენ ჰომოფობიური მოტივით, ხოლო პოლიციის გამოძახების შემდეგ თავად შეექმნა პოლიციასთან პრობლემა.

თ.ქ. დაკავებულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას.

სამართალდამცავი ორგანო სასამართლო პროცესზე ითხოვდა მის მიმართ პატიმრობის გამოყენებას, თუმცა იურისტების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე  და სასამართლო განხილვების შემდგომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით თ.ქ.-ს მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება შეუფარდა, რადგან არ დადასტურდა დაუმორჩილებლობის ფაქტი“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.