გამოძიება ყველა ვერსიას დაამუშავებს, მათ შორის - ხომ არ არის შესაძლებელი გახარია და ხოჯევანიშვილი იყვნენ ჩართული - პრემიერი ჩანაწერებზე

პუბლიკა

„პროკურატურამ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება. ყველა ვერსიას დაამუშავებენ. მათ შორის იმ ვერსიასაც, თეორიულად ხომ არ არის შესაძლებელი გახარია და ხოჯევანიშვილი რომ იყვნენ ჩართული, რომელიც სხვათა შორის სუსში მნიშვნელოვან დანაყოფებს ხელმძღვანელობდა და წვდომა ჰქონდა დიდ ინფორმაციასთან, მათ შორის მოსმენების სამსახურთან. ამაზე სპეკულირება არ მსურს და არ მინდა, წინასწარი დასკვნები გავაკეთო. გამოძიებას დაველოდოთ, ის დაადგენს, ეს არის ფაბრიკაცია, ფალსიფიკაცია, თუ მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

„ეს არის მცდელობა მათი დისკრედიტაციის. ეს არის შეთქმულება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის ყოვლად დაუშვებელი. სახელმწიფო კანონის სახელით გასცემს პასუხს და ყველას და ყველაფერს დაარქმევს სახელს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თქვენი ტელევიზიები ამ ყველაფერს, ტყუილ -მართალს უკეთებენ ტირაჟირებას და ეკლესიისა და მღვდელმთავრების დისკრედიტაციას ახდენს. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა. ეს არის სააკაშვილისა და ოპოზიციის ბოლო მცდელობა. იციან, რომ ყველა ქალაქში სასტიკად მარცხდებიან, უნდათ, რომ რაღაც ქნან. ერთი მხრივ, უყურებთ, რომ არჩევნების მზადებას აზრი არ აქვს, რადგან იციან, რომ საერთოდ არ აქვს აზრი მათ ჩართულობას კამპანიაში, იმიტომ, რომ 2 ოქტომბერს აგებენ. ყველაფერი არჩევნების მეორე დღისთვისაა გამიზნული, გარკვეული პროვოკაციები რომ მოაწყონ. სახელმწიფო არავითარ პროვოკაციას არ დაუშვებს. ყველა მოღალატეს და ჩვენი ეკლესიის მტერს გავცემთ მკაცრ პასუხს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა არის ფალსიფიკაცია, ფაბრიკაცია, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი ხოჯევანიშვილი „ტვ პირველთან“ საუბრისას აცხედებს რომ ბრალდებები უსაფუძვლოა.

„პირველ რიგში, საერთოდ გასარკვევია, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ამ ჩანაწერების და დოკუმენტების გამოტანა და რამდენად ავთენტურია – ეს უნდა დაადგინოს ობიექტურმა გამოძიებამ. რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს, ჩვენ ასეთი ბრალდებები აქამდეც მოვისმინეთ და შეიძლება ამის მერეც მოვისმინოთ, უღირს ადამიანებს ხშირად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება.“

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მივა თუ არა გამოკითხვაზე, ხოჯევანიშვილი პასუხობს, რომ თუ ამის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, მივა. „უკანონო უსაფუძვლო ბრალდებები შეიძლება ბევრი მოვისმინოთ საზოგადოებაში, მაგრამ ამ ყველაფერზე ქართველ ხალხს ექნება შესაბამისი.“