გამოძიებამ სათანადოდ უნდა შეისწავლოს მოტივი - EMC ვახო სანაიას საქმეზე

პუბლიკა

EMC ეხმაურება ტელეკომპანია ფორმულას ტელეწამყვანზე, ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმის ფაქტს.

მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიციის მიერ დაწყებული გამოძიება გაჭიანურების გარეშე წარიმართოს და მიმდინარე საქმეს სათანადო კვალიფიკაცია მიეცეს.

„მათ შორის, გამოძიებამ სათანადოდ შეისწავლოს სისხლის სამართლის კოდექსის 53 პრიმა მუხლის საფუძველზე (სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები) სავარაუდო სიძულვილის მოტივი, რომელიც ვახო სანაიას ჟურნალისტურ საქმიანობასა და მის გამოხატვას, შეხედულებებს უკავშირდება. თავდამსხმელების მიერ გაკეთებული განცხადებები და აგრესია ვახო სანაიას საქმიანობას და კრიტიკულ მედიაორგანიზაციებთან მიმართებით ამგვარი მოტივის არსებობაზე მიანიშნებს“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება პოლიციამ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად) საფუძველზე. ვახო სანაია და მისი ოჯახის წევრები გუშინ ღამითვე დაკითხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია 3 ადამიანი.

„ჩვენი აზრით, მსგავსი შემთხვევები პოლიტიკური გარემოს პოლარიზების, ოპონენტების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების და ჟურნალისტების მიმართ აგრესიული საჯარო რიტორიკის შედეგია, რომელიც ძალადობის და დაპირისპირების რისკებს მიკრო-სოციალურ დონეებზეც აჩენს და არაუსაფრთხო და მტრულ გარემოს ქმნის პოლიტიკური, სამოქალაქო და მედია აქტორებისთვის“,- წერს EMC.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია ჟურნალისტებზე თავდასხმის სხვა შემთხვევები, რომელზეც, მათი თქმით, არაეფექტიანად იყო გამოძიებული.

„ათეულობით ჟურნალისტის დაზიანებას 2019 წლის 20 ივნისს, რომელიც ამ დრომდე არ არის გამოძიებული. რაც მთლიანობაში ახალისებს დაუსჯელობის გარემოს და ქმნის მტრულ საინფორმაციო და სოციალურ კლიმატს“, – წერს EMC.

 EMC მოუწოდებს  შსს და პროკურატურას, რომ  გამოძიება გაჭიანურების გარეშე წარმართოს და კვალიფიკაციის დროს გამოიყენოს სსკ-ის 53 პრიმა მუხლი, რომელიც კონკრეტული დანაშაულების დროს სიძულვილის მოტივის არსებობას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევს და ამგვარი სახის დანაშაულებს საგანგებო სიფრხილითა და სიმკაცრით ებრძვის.

EMC, ასევე, მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, მთავრობასა და პარლამენტის წევრებს, რომ გააკეთონ საჯარო განცხადებები, რომელიც ამგვარ ძალადობრივ გამოცდილებებს დაგმობს და შექმნილი მტრული საინფორმაციო გარემოს ცვლილებისკენ იქნება მიმართული.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი თბილისში დააკავეს – 1993 წელს დაბადებული ვ.გ., 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახო სანაიამ ექსპერტიზის ბიუროს დატოვების შემდეგ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სამივე თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ნასვამები იყვნენ. მათ ვახო სანაია ამოიცნეს, როცა მან ჩამოიწია პირბადე, აგრესიის მიზეზი კი მისი პროფესიული საქმიანობა იყო, რადგან თავდამსხმელები იგინებოდნენ კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მისამართით.

მისი თქმით, მას აქვს დაზიანებები თავის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილას. მისივე თქმით, თავდამსხმელები „კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს აგინებდნენ გამორჩეულად.“