გამოძიების დასრულების შემდეგ ბაჩალიაშვილის ოჯახთან შეხვედრაზე პრობლემა არ მაქვს - გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შესახებ ისაუბრა. გახარიას თქმით, მისი, როგორც პრემიერის ვალდებულებაა პატივი სცეს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამიტომ, ელოდება გამოძიების დასრულებას და შემდეგ შეხვდება ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს.

„მშობლებთან ერთად, ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგებს და რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, არანაირი პრობლემა შეხვედრასთან დაკავშირებით არ გამაჩნია. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობა ქვეყნის, ქვეყნის ინსტიტუტების და მშობლების წინაშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ამ ნაბიჯით, სურს მოქალაქეთა ნაწილს პოლიციისა და მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის საშუალება არ მისცეს, რასაც უპასუხისმგებლო ადამიანები მიზანმიმართულად ცდილობენ.

„მე არავის მივცემ უფლებას, გაგრძელდეს პოლიციის და მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც დღეს ჩვენს თვალწინ ხორციელდება.  საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია, რასაც დღეს უპასუხისმგებლო ადამიანები მიზნობრივად ახორციელებენ, პირველ რიგში, არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის ხვალ“, – თქვა გახარიამ.